imedi /  17 ივლისი 2017, 16:29 / სანდო წყარო

ახალციხეში ნაციონალების 3 წევრის ცემაში მელია ქართულ ოცნებას ადანაშაულებს

ნიკა მელია

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს და მის ოჯახის წევრებს სცემეს. ამის შესახებ პარტიის ლიდერი ნიკა მელია აცხადებს. ის მომხდარში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსს, სამხარეო ადმინისტრაციისა და გამგეობის თანამშრომლებს ადანაშაულებს. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.

"ამავე მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი კოპაძის ბიუროს უფროსმა ზაზა გელაძემ და გამგეობის და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს ჩვენს წარმომადგენელს ბეგლარ კაპანაძეს, მის 80 წლის მამა ნოდარ კაპანაძეს და 23 წლის შვილს ზურაბ კაპანაძეს. 23 წლის ბიჭი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული", - აცხადებს მელია.

"ქართულმა ოცნებამ" სამწუხაროდ დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია იმ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, რომელსაც ის იყენებს უკანასკნელი არჩევნების განმავლობაში. რასაც ვვარაუდობდით, როგორც ჩანს, კარს მომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება ყველაზე მძიმე, რაც კი აქამდე ჩატარებულა და ამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ტრადიციულად იყენებდა. ჩვენ ძალიან მწვავე რეაგირება გვექნება ყოველივე ამასთან დაკავშირებით. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაუსწორდნენ უმოწყალოდ ამ ადამიანებს, რომ შარშან, საპარლამენტო არჩევნები ამ სოფელში ”ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა და ერთგვარი ანგარიშსწორება განახორციელეს მათ მიმართ",- განაცხადა ნიკა მელიამ. 

მისივე ინფორმაციით, ცემის ფაქტზე საქმე აღიძრა, მაგრამ პასუხისგებაში არავინაა მიცემული. 

კომენტარები ()