imedi /  17 ივლისი 2017, 17:14 / სანდო წყარო

პოროშენკოს საქართველოში ვიზიტისას ვაშაძე მის დელეგაციაში იქნება

გიორგი ვაშაძე

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტისას "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე პოროშენკოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ვაშაძის განმარტებით, ის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია და მის დელეგაციაშიც ამ სტატუსით იქნება. მისი თქმით, პოროშენკოს დელეგაცია საქართველოს მხარესთან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თემის განხილვა არ იგეგმება.

"არ მაქვს ინფორმაცია, ქართული მხარე რა საკითხის დასმას აპირებს, მაგრამ რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, მსგავსი საკითხის განხილვას არ აპირებს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ძირითადად, ეკონომიკურ საკითხებზე გამართულ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

პეტრო პოროშენკო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა.  უკრაინის ლიდერი თბილისს ოჯახთან და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან - სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრება.

კომენტარები ()