imedi /  17 ივლისი 2017, 17:36 / სანდო წყარო

ომბუდსმენი თათია დოლიძის მიმართ მუქარის ფაქტს ეხმაურება

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ. ქართული მარშის ორგანიზატორთა მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც თათია დოლიძის შეურაცხყოფასა და სავარაუდო მუქარას შეიცავდა.

"სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს აშკარა მიზოგინიური და სიძულვილის ენის გამოყენების გამო, რაც კიდევ უფრო ამყარებს გენდერული თანასწორობის მხრივ ქვეყანაში არსებულ რთულ მდგომარეობას. ამასთან, მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად და ეფექტიანად წარიმართოს მუქარის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება", - წერია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მუქარასა და შეურაცხყოფას გამოეხმაურა თავად თათია დოლიძეც. "პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის", -  წერს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე.

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-ს მიერ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლით დაიწყო. 

კომენტარები ()