imedi /  17 ივლისი 2017, 23:38 / სანდო წყარო

გაეროს ელჩი თათია დოლიძის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიებას მიესალმება

თათია დოლიძე

საქართველოში გაეროს ელჩი ნილს სკოტი თათია დოლიძის მიმართ მუქარის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას მიესალმება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

"მოხარული ვართ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს თათია დოლიძის საქმეს და იმედი გვაქვს, რომ გამოძიება სწრაფი იქნება. ვგმობთ ყველა სახის ძალადობას და, ამ შემთხვევაში, ისეთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ. ასეთი სახის ქმედებას თანამედროვე საზოგადოებაში ადგილი არა აქვს.
მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა, როგორიც თათია დოლიძეა, შესძლონ ხმის ამაღლება თავისუფლების, სოლიდარობის, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის დასაცავად. ეს ფუნდამენტური ღირებულებებია როგორც საქართველოსათვის, ასევე გაეროსათვის. თათიამ ნათლად აჩვენა ამ ღირებულებების მნიშვნელობა, როგორც ქართველმა ახალგაზრდამ და საქართველოს ახალგაზრდობის დელეგატმა გაეროში.
დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს ადამიანის უფლებების, ანტიდისკრიმინაციისა და ტოლერანტობის ღია მხარდაჭერა ძალადობის, შეურაცხყოფისა და მუქარის შიშის გარეშე", - ამბობს ნილს სკოტი.

თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით თათია დოლიძეს საგამოძიებო უწყებისთვის თავად არ მიუმართავს. დოლიძე ცოტა ხნის წინ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

საქმე ეხება „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეების სახელით თათია დოლიძის ერთ-ერთ სტატუსზე დაწერილ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს.

კომენტარები ()