imedi /  01 აგვისტო 2017, 12:04 / სანდო წყარო

ევროპის საინვესტიციო ბანკი თბილისში ეკოქალაქის პროექტით ინტერესდება

ევროპის საინვესტიციო ბანკი შესაძლოა თბილისში ეკოქალაქის პროექტით დაინტერესდეს. პროექტში ჩართვას საფინანსო ინსტიტუტს საპარტნიორო ფონდი სთავაზობს.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცეპრეზიდენტს შეხვდა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს პროექტ "ჯინო გრინ სითის" შესახებ, რომელიც გულისხმობს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოქალაქის მშენებლობასა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის, მათ შორის სასტუმროს, დასასვენებელი კომპლექსის, სკოლის, საბავშვო ბაღის, სამედიცინო ცენტრისა და სხვადასხვა რეკრეაციული ზონის განთავსებას. მათ ასევე მიმოიხილეს მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

„საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის კონკრეტული ამოცანები დასახეს.

2017 წლის ივლისში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში („საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“), ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოსთან სამ ფინანსურ შეთანხმებას მოაწერა ხელი: ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში 250 მლნ ევროს დაფინანსების გამოყოფა; ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსება; ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შევსების ფინანსურ შეთანხმებები.

2017 წელს 10 წელი სრულდება, რაც EIB-მა თავისი საქმიანობა საქართველოში დაიწყო. სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი EIB-ში ხელმძღვანელ თანამდებობაზე 2016 წლის ოქტომბერში დაინიშნა.

კომენტარები ()