imedi /  02 აგვისტო 2017, 16:06 / სანდო წყარო

არასამთავრობოები კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლებაზე ჩანაწერს არ ეთანხმებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციაში სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით პრეზიდენტს, პარლამენტს, ვენეციის კომისიას, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და სხვებს მიმართავენ. მათი აზრით, პარლამენტმა ეს მუხლი კონსტიტუციაში ისე ჩაწერა, რომ სახელმწიფომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები კი არ დაავიწროვა არამედ პირიქით, გააფართოვა.

"საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათი გამოვლინება ლახავს სხვათა უფლებებს.
ვენეციის კომისიის აზრით, არსებული შეზღუდვის ფარგლები წარმოშობს რისკს, რომ უფლების დაცვასა და სხვა ინტერესს შორის, ადეკვატური ბალანსის დაცვის პროცესში, რწმენისა და სინდისის თავისუფლება განიმარტოს ზედმეტად ვიწროდ, ხოლო “სხვათა უფლებების” დარღვევა საპირისპიროდ - ზედმეტად ფართოდ.

საქართველოს პარლამენტმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გაზიარების საფუძვლით, მეორე საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში, წარმოდგენილი დებულება შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:
“ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.”

ამგვარი ჩანაწერით სახელმწიფომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები კი არ დაავიწროვა არამედ პირიქით, გააფართოვა და გასცდა ვენეციის კომისიის მიერ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადების ავტორები საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, ევროპულ კომისიას სამართლის მეშვეობით დემოკრატიისთვის (ვენეციის კომისიას), გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სპეციალურ მომხსენებელს რელიგიის საკითხებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და ევროპულ კომისიას რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავენ და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ იმისთვის, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეები გამოირიცხოს.

მიმართვას ხელს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია და 7 სამოქალაქო აქტივისტი აწერს ხელს. მიმართვის სრული ტექსტი იხილეთ ამ ლინკზე. 

კომენტარები ()