imedi /  04 აგვისტო 2017, 13:23 / სანდო წყარო

ნაციონალები გაყალბების საწინააღმდეგო შტაბს ქმნიან

"ნაციონალური მოძრაობა" კამპანია "ვეღარ გააყალბებ"-ს იწყებს. შტაბს ლევან ბეჟაშვილი და ზაზა ბიბილაშვილი უხელმძღვანელებენ.

"გაყალბება მხოლოდ არჩვენების დღეს ურნებთან ჩადენილი დანაშაული არაა. გაყალბებაა უკანონო მიწერები, როცა თქვენს ბინაში უცხო ადამიანებს არეგისტრირებენ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩეველზე ზეწოლა და საარჩევნო პროცესში სუს-ის და კრიმინალური სამყაროს ჩართვა. გაყალბებაა ძალადობა, რომელიც უკვე დაწყებულია. ახალციხეში ცემეს ჩვენი წარმადგენელი ბეგლარ კაპანაძე, მისი 83 წლის მამა და შვილი. გურიაში ჩვენს კანდიდატებზე ზეწოლაში ჩართული არიან კრიმინალური ავტორიტეტები რუსეთიდან. ხელისუფლების რეაქცია ცნობილია, იმის მაგივრად, რომ კორცხელის ზონდერები განსასჯელის სკამზე ისხდნენ, მათი მეთაური კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია, მოძალადეებს კი, სამეგრელოს გუბერნატორი და ბერა ივანიშვილი აქეიფებენ. ეს არ იქნება პარტიული შტაბი. ეს იქნება ნებისმიერი დარღვევის გამოსავლენი შტაბი. შტაბი, რომელიც აღრიცხავს ყველა დარღვევას, დანაშაულს და დაიცავს ხალხის ხმებს, ხალხთან ერთად", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

"ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს ყველა ოპოზიციურ პარტიას, ჩამოაყალიბონ გაყალბების საწინააღმდეგო ერთობლივი საბჭო:

"ამ კამპანიაში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს - ყველა, ვინც აცნობიერებს, რომ არაფორმალური მმართველი, რომელმაც მხოლოდ სიღატაკე და უიმედობა მოუტანა ხალხს, არ აპირებს ხელისუფლების დემოკრატიული გზით დათმობას. თითოეული თქვენგანის ჩართულობა წარმატების საწინდარია. ვამხილოთ უსამართლობა და ვებრძოლოთ მას. ვუთხრათ ივანიშვილს - ვეღარ გააყალბებ! განსხვავებით ადრინდელისგან, აღარ შეგაჩერებთ, პირიქით, ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად".

კომენტარები ()