imedi /  12 აგვისტო 2017, 17:04 / სანდო წყარო

პრეზიდენტმა ღირსეული პარტნიორობის მიზნებზე ილაპარაკა

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე წვრთნებში მონაწილე სამხედროებს მიმართა. 

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყნის წარმომადგენელსა და შესაბამის უწყებებს, ვინც ფართომასშტაბიან სწავლებაში მიიღო მონაწილოება. 

"დღეს დასრულდა მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორობა” . სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017” კიდევ უფრო მრავალფეროვანი, კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი და კიდევ უფრო საინტერესო არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეიძინეთ ბევრი ახალი მეგობარი და შეიძინეთ ბევრი ახალი უნარი ამ მნიშვნელოვანი სწავლების დროს. ღირსეულია ეს პარტნიორობა იმიტომ, რომ ამ პარტნიორობის მიზნები არის ღირსეული.

ამ პარტნიორობის მიზანი არის გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლა, ბრძოლა ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ჩაგვრასთან, მის დამონებასთან, უფლებების წართმევასთან, ამ პარტნიორობის მიზანი არის სხვათა თავისუფლების სამსახური და ამიტომ არის ეს პარტნიორობა ღირსეული. ქართველი ჯარისკაცები ამაყად ემსახურებიან ამ მიზანს. ამ პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა, დაცვა იმ ერისა რომელმაც ისტორიაში გაიტანა თავისი დამოუკიდებლობა და მომავალ საუკუნეებშიც დამოუკიდებელ ქვეყანას შექმნის, ერთიან ქვეყანას შექმნის, დაცულ ქვეყანას შექმნის და ამიტომ არის ეს ღირსეული სამსახური.

ამ ღირსეულ სამსახურს სულ ცოტა ხნის წინ შეეწირა ჩვენი თანამებრძოლი. ჩვენი თანამებრძოლი მდინარი ბებიაშვილი, სულ ცოტა ხნის წინ ამ მაღალი მიზნებისთვის დაიღუპა, მე ქედს ვიხრი მისი და მისი სხვა დაღუპული თანამებრძოლების წინაშე, იმ ადამიანების წინაშე ვინც თავისი თავი, თავისი ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების დაცვაში დაინახა."- განაცახდა პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლამდე ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დასრულების ცერემონიას დაესწრო. საერთაშორისო სწავლების დასრულება საჩვენებელი საველე სწავლებით აღინიშნა.

სწავლებას ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ევროპაში აშშ-ის არმიის G3-ის უფროსი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში.

მრავალეროვანი სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდო გადაეცათ. ვაზიანის პოლიგონზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ჯარისკაცებს.

კომენტარები ()