imedi /  13 აგვისტო 2017, 02:45 / სანდო წყარო

რუსი პრანკერები შს მინისტრ მღებრიშვილთან საუბრის აუდიოჩანაწერს ავრცელებენ

რუსი პრანკერების (ინტერნეტ-მასხარების) ვოვანის (ვლადიმერ კუზნეცოვი) და ლექსუსის (ალექსეი სტოლიაროვი) თქმით, ისინი არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილს ესაუბრნენ ტელეფონით, არამედ საქართველოს შს მინისტრს გიორგი მღებრიშვილსაც. აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ცოტა ხნის წინ Страна.ua-მ YouTube-ზე ატვირთა. გამოცემამ აუდიოჩანაწერის სტენოგრამაც გამოაქვეყნა.

გამოცემა წერს, რომ პრანკერებმა მათ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან მიმოწერაც აჩვენეს, რომელშიც მინისტრმა დააზუსტა ზოგიერთი დეტალი სააკაშვილის შესახებ მოლაპარაკებებზე პეტრო პოროშენკოს და საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის. 

"მიმოწერის თანახმად, პოროშენკომ მიხოს თაობაზე საკითხი საქართველოს პრემიერმინისტრთან ჯერ კიდევ დავოსის შეხვედრაზე წამოსწია, შემდეგ - პოროშენკოს ვიზიტის დროს საქართველოში. თუმცა, როგორც ამ გზავნილიდან ჩანს, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის პოზიცია იყო უცვლელი - სააკაშვილი მათ არ სჭირდებათ. 

მაშინ პოროშენკომ თითქოს თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში ის მიხოს მოქალაქეობას არ ჩამოართმევს, რომ მისგან გმირის შექმნა არ უნდა. ამიტომ, როგორც საქართველოს შს მინისტრი აღნიშნავს, თბილისში ძალიან გაუკვირდათ როდესაც გაიგეს, რომ პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა მაინც ჩამოართვა", - წერს Страна.ua.  

მანამდე პრანკერებმა გამოცემა kp.ru-ს განუცხადეს, რომ სატელეფონო საუბრის დროს, მღებრიშვილი ბათუმში იყო. 

"თავი უკრაინის შს მინისტრად არსენ ავაკოვად წარვუდგინეთ. ვუთხარით, რომ უკრაინაში სააკაშვილი ჩამოდის და მზად ვართ, ის თბილისს გადავცეთ", - ჰყვება ლექსუსი. 

სტოლიაროვის თქმით, მღებრიშვილმა უპასუხა, რომ "ეს ადამიანი აქ, რა ჩემ *** გვჭირდება", თუმცა განაცხადა, რომ ინფორმაციას პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან გადაამოწმებდა, რომელმაც, პრანკერების თქმით მინისტრს "მათთან ასეთი სიტყვები დააბარა: "თუ შეიძლება, ეს ქვეშაფსია არ გამოგვიგზავნოთ. დარჩეს მაწანწალად!", - ჰყვება სტოლიაროვი. 

უფრო ადრე, პრანკერებმა მიხეილ სააკაშვილთან ლაპარაკის აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნეს. "მე წარვუდგინე თავი როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი ფილატოვმა და ვაწვდიდი მას სხვადასხვა ინფორმაციას. ვეუბნებოდი, რა პირობები უნდა შეასრულოს იმისათვის, რომ სტატუსი დაიბრუნოს და ა.შ.", - აცხადებს პრანკერი. 

მათი თქმით, ყველა სატელეფონო საუბარი მალე გამოქვეყნდება, სადაც ის პრეზიდენტ პოროშენკოზე, მარია გაიდარზე და საქართველოზე ლაპარაკობს.

პრანკერები ცნობილები არიან პოლიტიკოსების დისკრედიტაციით, მათ ფართო წრეებში რუსული სპეცსამსახურების პროექტად განიხილავენ.

კომენტარები ()