imedi /  13 აგვისტო 2017, 13:22 / სანდო წყარო

ნაციონალური მოძრაობა რუსი პრანკერების გამოქვეყნებულ ჩანაწერზე გამოძიებას ითხოვს

რომან გოცირიძე

„ჩვენ ვაპირებთ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას, რომელსაც საჭირო დროს გამოვიყენებთ როგორც საბრალდებო მტკიცებულებას“, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, სადაც ვიდეოს ავტორების მტკიცებით, გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

„ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს არის ავთენტური ჩანაწერი. მით უმეტეს, რომ მსგავსი ზარები საქართველოში ყოფილა დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც კულტურის მინისტრის ჩანაწერი გამოქვეყნდა. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ დაიწყოს ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, ვინაიდან საუბრის შინაარსი შეიცავს დანაშაულებრივ ნიშნებს. უნდა ჩატარდეს ხმის ექსპერტიზა. ათას სისულელეზე, რომელიც ინტერნეტში გავრცელდებოდა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხებოდა, ხელისუფლება გამოძიებას იწყებდა. ადგენდა, იყო თუ არა ხმები ავთენტური და იბარებდნენ დეპუტატებსაც კი, ხმის ნიმუშების ასაღებად. ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია გამოძიების ჩატარება ამ შემთხვევაშიც“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს არის სააკაშვილის პოლიტიკური დევნა და სახელმწიფო დონეზე აყვანილი არაკანონიერი ქმედებების წახალისება.

კომენტარები ()