imedi /  13 თებერვალი 2017, 17:00 / სანდო წყარო

ოპოზიცია პროკურატურისგან მეტ ინფორმაციას ითხოვს

სალომე სამადაშვილი
ირმა ნადირაშვილი

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას ითხოვს. სალომე სამადაშვილის თქმით, ჯგუფმა უნდა მიიღოს ყველა დეტალი, რასაც პროკურატურა არ გაასაჯაროებს.

"კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა. პროკურატურამ კეთილი ინებოს და ინფორმაცია გაასაჯაროოს. სხვა შემთხვევაში, დამაჯერებლობა არ აქვს", - ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი.

არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, დანაშაულის გამოვლენის და აღკვეთისთანავე, პატრიარქის უსაფრთხოების ზომები ავტომატურ რეჟიმში გაძლიერდა. "ჩვენს გარდა და დაცვის წევრების გარდა, პატრიარქს იცავს ღმერთი", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მთავარმა პროკურორმა არც დაადასტურა და არც უარყო, რომ დეკანოზი პატრიარქის მკვლელობას ამზადებდა. "ამ ეტაპზე რაც დგინდება, ანგარებითი მოტივია", - დასძინა შოთაძემ.

დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

კომენტარები ()