imedi /  17 თებერვალი 2017, 16:41 / სანდო წყარო

მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აღარ აიკრძალება

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საქართველოში ჩამოყვანა აღარ აიკრძალება, რადგან მისი განბაჟება გაძვირდა და, შესაბამისად, რაოდენობა შემცირდა. ამის შესახებ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომელმაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან მორიგი კონსულტაცია გამართა. 

"პარლამენტმა დეკემბერში მიიღო "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები, რამაც, გარკვეულწილად, გააძვირა განბაჟება და შეამცირა ის რისკები, რომ გაიზრდებოდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა და მარცხენასაჭიანებს გაუთანაბრდებოდა. შესაბამისად, ჩვენ უფრო მკაცრ მიდგომებს აღარ მოვითხოვთ და ეს ნაწილი ამოღებული იქნება კანონპროექტიდან. არ აიკრძალება მარჯვენასაჭიანები, უბრალოდ, ვისაც უღირს ამ ფასად შემოყვანა, შემოიყვანოს", - თქვა ხუციშვილმა.

საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან დაუბრუნდება. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის კონულტაციები თითქმის დასრულებულია.

შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონპროექტის პირველადი ვარიანტიდან, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ერთი წლის წინ შევიდა, ის მუხლი გაუქმდება, რომელიც მარჯვენასაჭიანების იმპორტს კრძალავდა. თუმცა, სხვა საკითხებთან ერთად, ძალაში რჩება ქულათა სისტემა, მართვის მოწმობის შეჩერება და უკონტაქტო პატრულირება.

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივით შინაგან საქმეთა სამინისტრო 2015 წლის დეკემბერში გამოვიდა. აღნიშნულ ინიციატივას მხარი მთავრობის სხდომაზე დაუჭირეს და ინიციატივა განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნეს.

კომენტარები ()