საქართველო

imedi /  17 თებერვალი 2017, 17:48 / სანდო წყარო

მერიამ ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება დაიწყო

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ახალი პროგრამა დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში, მერია ისეთ ძვირადღირებულ მედიკამენტებს დააფინანსებს, როგორებიცაა ტრასტუზუმაბი (ჰერცეპტინი), პერტუზუმაბი და ლაპატინიბი.

როგორც სოციალური მომსახურების სამსახური აცხადებს, მედიკამენტები სრულად დაუფინანსდებათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება, ხოლო ყველა სხვა პირს - 80%-ით.

სამსახურის ცნობით, პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ მოქალაქეებს, რომლებიც, 2017 წლის მდგომარეობით და პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისში არიან რეგისტრირებულნი და აქვთ დიაგნოზი: HER-2 დადებითი ადრეული სტადიის (I-III) ძუძუს კიბო და HER-2 დადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბო.

პროგრამაში ჩასართავად საჭიროების მქონე პირებმა თბილისის მერიის სოციალურ სამსახურს უნდა მიმართონ.

თბილისის მერია, დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, ასევე, სკრინინგულ გამოკვევებს უფინანსებს.

კომენტარები ()