imedi /  17 თებერვალი 2017, 17:54 / სანდო წყარო

კარასინი: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თბილისზეა დამოკიდებული

რუსეთი იმედოვნებს, რომ  საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თბილისის ინიციატივით დაიწყება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი Интерфакс-თან ინტერვიუში ამბობს.

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ქართულ მხარეზეა დამოკიდებული, რადგან კავშირი სწორედ საქართველომ გაწყვიტა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რიგ შემთხვევებში დიპლომატიური ურთიერთობები განახლდება“, - აცხადებს კარასინი.

კარასინის თქმით, ის საქართველოს პრემიერის წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან ერთად ისეთ საკითხებზე მუშაობს, რომლებიც შესაძლებელია გადაიჭრას დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში.

7 თებერვალს, პრაღაში კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე, მხარეებმა 2011 წელს გაფორმებულ ხელშეკრულების პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე მოილაპარაკეს, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო დერეფნების ამოქმედებას ითვალისწინებს. პრაღის შეხვედრის შემდეგ, კარასინმა მედიას უთხრა, რომ მოლაპარაკებებში ქართულ მხარესთან სერიოზულ პროგრესს მიაღწია.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაწყვიტა. ამის საპასუხოდ, მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველო-რუსეთს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიების ფორმატში რეგულარულად მიმდინარეობს.

 

კომენტარები ()