imedi /  17 თებერვალი 2017, 18:35 / სანდო წყარო

აუდიტორია 115 თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას მართავს

„აუდიტორია 115"-ის წევრები და მათი მხარდამჭერები შრომითი უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარების გასაპროტესტებლად ვაკეში მდებარე „ბიბლუსი გალერეასთან" შეიკრიბნენ, ისინი თავისუფლების მოედნისკენ  მიემართებიან.

„აუდიტორია 115"-ის წევრები "ბიბლუსი გალერეაში" მიმდინარე როტაციის პროცესს და ორი თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებენ.

"ბიბლუსიდან" გათავისუფლებული თანამშრომლების განცხადებით, მათ სამსახური უსაფუძვლოდ დაატოვებინეს.

"აუდიტორია 115" სტუდენტური მოძრაობაა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია, მეორე წელია, თსუ-ში რეფორმების გატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს. ორგანიზაციის წევრთა განცხადებით, რეფორმას უნივერსიტეტში რექტორატი და ხელისუფლება ეწინააღმდეგებიან.

"აუდიტორია 115", გარდა სტუდენტური საკითხებისა, სოლიდარობის ლოზუნგით, აქტიურად ერთვება სხვადასხვა საპროტესტო აქციაში. ბოლო დროს ორგანიზაცია მონაწილეობდა აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებული მუშების მიერ ორგანიზებულ აქციებში, სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოდან" გათავისუფლებული თანამშრომლების დაცვისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის მიერ გამოქვეყნებული გეგმის წინააღმდეგ მიმართულ აქციებში.

 

კომენტარები ()