საქართველო

imedi /  17 თებერვალი 2017, 21:55 / სანდო წყარო

ირაკლი მამალაძე: ჩანაწერებში მკვლელობის მომზადების პროცესი ჩანს

ირაკლი მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ ჩანაწერებში, რომელიც პროკურატურას მტკიცებულების სახით აქვს, მკვლელობის მომზადების პროცესია ასახული. ამის შესახებ ირაკლი მამალაძემ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში განაცხადა. 

ის, ასევე, აცხადებს, რომ მკვლელობის მომზადება უკავშირდებოდა პატრიარქს და მის უახლოეს გარემოცვას, თუმცა, კონკრეტულ დეტალებზე არ ლაპარაკობს და პროკურატურას მოუწოდებს, მტკიცებულებები გაასაჯაროოს იმისათვის, რომ საზოგადოება მძიმე დანაშაულში დარწმუნდეს.

"საზოგადოება, მათ შორის ჟურნალისტებიც, პროკურატურისგან მტკიცებულებების დაუყოვნებლივ გასაჯაროებას უნდა ითხოვდეს და არა მტყუან-მართლის გარკვევას. ეს ვიდეო და აუდიოჩანაწერი ძალიან მძიმე მოსასმენი და შოკისმომგვრელია, თუმცა, ამით აღკვეთილია ძალიან მძიმე დანაშაული სამართალდამცველების მიერ. ეს მძიმე დანაშაული იყო მკვლელობის მომზადება და მთელი ეს მომზადების პროცესი ასახულია ამ ჩანაწერებში, მტკიცებულებებში. ეს მკვლელობა ცალსახად უკავშირდება პატრიარქს და მის გარემოცვას. მაგრამ ამაზე გამოძიებამ საბოლოო ვერსია უნდა დადოს და გამოკვეთოს", - განაცხადა ირაკლი მამალაძემ. 

მისი თქმით, თუ ვის წინააღმდეგ მზადდებოდა დანაშაული, ამაზე უნდა ისაუბრონ გამოძიებამ და დეკანოზმა, რომელიც ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. "ამაზე უნდა ისაუბროს გამოძიებამ და იმ პირმა, ვინც ახლა დუმილის უფლებას იყენებს და არაფერს ეუბნება საზოგადოებას. ამ ადამიანმა უნდა თქვას, რას აპირებდა, ვისთან მიჰქონდა აღნიშნული მომწამვლელი ნივთიერება და ვის ლიკვიდაციას გეგმავდა. მაგრამ ცალსახად, კონტექსტი და შინაარსი ამ დანაშაულის დაგეგმვის, სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ მკვლელობა მზადდებოდა პატრიარქის და მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ", - განაცხადა მამალაძემ.

მამალაძე ასევე ადასტურებს, რომ მას დეკანოზ გიორგი მამალაძესთან გარკვეული ნათესაური კავშირი აქვს და აქვე დასძენს, რომ ამის გამო მისთვის დეკანოზის მხილება მძიმე იყო.

კომენტარები ()