imedi /  24 თებერვალი 2017, 19:32 / სანდო წყარო

თბილისის მერია: ზვიად ნაზღაიძეს ქონება კანონიერად გადაეცა

თბილისის მერია

თბილისის მერია ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას ზვიად ნაზღაიძისათვის საკუთრების ჩამორთმევისა და მისთვის სამართლიანი ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2015 წლის 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შემდეგ, უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა სტიქიური უბედურების ზონა, სადაც ცხოვრება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველია. სწორედ ამ ზონაში მოექცა N01.14.14.002.092 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, რითაც სრულად შეიზღუდა მისი სამშენებლო განვითარება. 

მერია, ასევე, მიუთითებს, რომ საქართველოს ორგანული კანონის "საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ მე-2 მუხლის თანახმად, გადაუდებელ აუცილებლობას, სხვა გარემოებებთან ერთად, განეკუთვნება სტიქიური უბედურება.

"სტიქიით დაზარალებულთა დახმარება მუნიციპალიტეტის მიერ, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, წარმოებდა  ეტაპობრივად. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, საკუთრების ჩამორთმევა დაეფუძნა არა იმწუთიერ საფრთხეს, არამედ  იმ გარემოებას,  რომ შესაბამის პირობებში, სტიქიის ზონაში მოხვედრილი ტერიტორია თავისთავად არის ამგვარი საფრთხის მატარებელი, რაც ზღუდავს ან გამორიცხავს ქონების სამომავლო განვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ 2013 წლის 24 დეკემბერს სს "საქართველოს ბანკსა" და ზვიად ნაზღაიძეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულებით ზვიად ნაზღაიძეს ხელშეკრულების საგანზე გადაეცა შესყიდვის ოფცია. შესყიდვის ოფცია საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2014 წლის 3 იანვარს და რეგისტრირებული იყო 2015 წლის 3 ნოემბრამდე, მათ შორის, სტიქიის პერიოდშიც. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

"მიუხედავად მხარეებს შორის  ხელშეკრულებით  შეთანხმებული თავდაპირველი ვადისა, უტყუარად დადგენილი გარემოებაა, რომ  ოფციის უფლება არსებობდა აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომაც, აღნიშნული დასტურდება იმ ფაქტობრივი გარემოებითაც, რომ ოფციის მხარეებს არ მიუმართავთ საჯარო რეესტრისთვის მისი გაუქმების მოთხოვნით და მეტიც, 2016 წელს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლითაც ბანკმა ქონება გადასცა ნაზღაიძეს, საფუძვლად დაედო მხარეებს შორის მანამდე არსებული - 2013 წლის 24 დეკემბრის ოფციის ხელშეკრულება. ამასთან, გადაწყვეტილების მიღების მომენტში ზვიად ნაზღაიძე წარმოადგენდა ქონების რეგისტრირებულ მესაკუთრეს, შესაბამისად, უძრავი ნივთის სამართლებრივი ბედის განსაზღვრისას (მესაკუთრისთვის ჩამორთმევა), ადმინისტრაციული ორგანოსთვის მნიშვნელოვანი იყო უფლებამოსილი პირის - მესაკუთრის გამოვლენა შესაბამისი ფუნქციურ-სამართლებრივი ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ მონაცემებზე დაყრდნობით და არა მხარეებს შორის არსებულ, კერძოსამართლბრივ ურთიერთობათა შინაარსის კვლევა". - წერია განცხადებაში.

"რაც შეეხება მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების ღირებულების შეფასებას, კანონი, რომლითაც მუნიციპალიტეტმა იხელმძღვანელა, ითვალისწინებს, რომ ქონების ჩამორთმევისას დაცული უნდა იყოს ორი უმთავრესი პრინციპი - ანაზღაურება იყოს სამართლიანი და სრული. გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია მოქცეულია სტიქიის ზონაში და ქონება შეუსაბამო აღმოჩნდა შემდგომი სამშენებლო განვითარებისთვის, მისი ჩამორთმევისას, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, დაზარალებულის მიმართ სამართლიანი ანაზღაურების განსაზღვრისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა იხელმძღვანელა უძრავი ქონების  სტიქიამდე არსებული ღირებულებით, რაც დადგინდა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაზარალებულისათვის სტიქიამდე არსებული ღირებულების შეუთავაზებლობა იქნებოდა ზემოაღნიშნული უმთავრესი პრინციპების დაუცველობა", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერია აცხადებს, რომ  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება  2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას, მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გამჭვირვალობის, თანაზომიერების, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით. 

როგორც ცნობილია, ოპოზიცია თბილისის მერიას მოსამართლე ნატა ნაზღაიძისთვის ქრთამის სახით მიწის ნაკვეთის გადაცემას ედავება. მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი დავით ნარმანია დღეს საკრებულოში დაიბარეს, თუმცა, ნარმანიამ მისვლაზე უარი განაცხადა.

ნაზღაიძის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებმაც თქვეს, რომ ნატა ნაზღაიძის ოჯახს 1 მილიონი, სავარაუდოდ, ქრთამის სახით არ მიუღია.

კომენტარები ()