imedi /  24 თებერვალი 2017, 23:45 / სანდო წყარო

ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციის შენობა დატოვა

პოლიცია "გირჩის" ოფისში

პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს განყოფილება უკვე დატოვა. მისი განცხადებით, პოლიციას იმ ექსპერიმენტის დეტალები აინტერესებდა, რომელიც დღეს "გირჩმა" ე.წ. ბიოს შეძენასთან დაკავშირებით ჩაატარა. ჯაფარიძემ პოლიციას განუცხადა, რომ ექსპერიმენტის დეტალები ვიდეოფირზეა ასახული.

"გირჩის" ლიდერი პოლიციამ ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში მას შემდეგ გადაიყვანა, როცა პარტიის ოფისში მოვიდა და და ე.წ. ბიო ჩაიბარა.

მანამდე პოლიცია პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თავად გამოიძახა და თქვა, რომ სამართალდამცველებს ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას.

"გირჩმა" ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის ფარგლებში ინტერნეტის საშუალებით მოახერხა ე.წ. ბიოს შეძენა. როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, უხეში გათვლებით, ყოველდღიურად, მხოლოდ თბილისიდან 200 ასეთი შეკვეთა კეთდება.

"მაშინ, როცა სახელმწიფო კანაფის მომხმარებლებს ებრძვის, მინიმუმ, ათასობით ახალგაზრდა მოიხმარს ბიოს, რომლის შემადგენლობის შესახებ არაფერია ცნობილი. მავნე ზეგავლენა ჯანმრთელობაზე კი დადასტურებულია", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, შეძენის სქემა იმდენად კარგადაა დამუშავებული, რომ გამორიცხული არ არის, მის უკან ძალოვანი უწყებებიც იდგნენ.

"გირჩმა" ანალოგიური აქცია 2016 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს ჩაატარა, როდესაც პარტიის ოფისში კანაფი დათესა. 11 იანვარს პოლიციამ პარტიის ოფისიდან 84 ქოთანი ექსპერტიზისთვის წაიღო, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ "გირჩის" მოსავალში საკმარისი ნარკოტიკი არ იყო.   

ე.წ. ბიო "გირჩის" ოფისში

კომენტარები ()