imedi /  14 მარტი 2017, 17:26 / სანდო წყარო

დეკანოზის საქმეში მოწმის სტატუსით 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი დაკითხეს

მთავარი პროკურატურა

თბილისის 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი და პროფესიული გაერთიანება “სინდიკატის” ყოფილი დირექტორი ტატო (ტარას) შავშიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხეს. შავიშვილი ბოლო პერიოდში საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

"მოწმის სახით დაკითხულია და ტატოს ჩვენება არ არის რაღაცა ჩვეულებრივი რაიმე ისეთი ინფორმაციის მომცემი, რომ გინდა ჩვენს სასარგებლოდ და გინდა პროკურორის სასარგებლოდ ისეთი იყოს… არაფერი ისეთი, რომ რომელიმე მხარის სასარგებლოდ ბომბი ინფორმაცია იყოს”, - განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

ტარას შავშიშვილი ფიგურირებდა 2010 წელს მე-14 საჯარო სკოლის დირექტორის ზვიად მიმინოშვილის დათხოვნის საქმეში. ფარული აუდიოჩანაწერში ზვიად მიმინოშვილს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ირაკლი ანდრიაშვილი და პროფესიული “სინდიკატის” გამგეობის თავმჯდომარე ტატო შავშიშვილი მას ურჩევდნენ, რომ თანამდებობა დაეტოვებინა.

შავშიშვილი მოგვიანებით 53-ე სკოლის დირექტორად დანიშნეს. 2012 წელს 53-ე სკოლიდან მოსწავლე მიხეილ ალექსიძე გარიცხეს დირექტორის, ტატო შავშიშვილის, მოსხენებითი ბარათის საფუძველზე, სადაც შავშიშვილი ამბობდა, რომ მას მოსწავლემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მოსწავლეს სხვა სკოლები აღარ იღებდნენ და რამდენიმე თვის განმავლობაში ის ვერ სწავლობდა. იმავდროულად, ალექსიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის მუხლის მიხედვით.

2012 წლის მაისში 53-ე სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა საპროტესტო ბოლო ზარი გამართეს, რომლითაც შავშიშვილის მოსწავლეებისადმი არასწორი დამოკიდებულება გააპროტესტეს. 

ვიდეოს გადაღების შემდეგ, იმ ორი მოსწავლის თქმით, რომლებიც ვიდეოში მონაწილეობდნენ, პოლიცია დაინტერესდა, კერძოდ, მაშინ როცა საატესტატო გამოცდებს აბარებდნენ  მათი პირადი ნომრები და მშობლების სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა, - წერს "ნეტგაზეთი".

კომენტარები ()