imedi /  15 მარტი 2017, 14:25 / სანდო წყარო

ქართული ოცნება: მოსმენების კანონზე ვეტოს დავძლევთ

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი მოსმენების კანონს ხელს არ მოაწერს და ვეტოს დაადებს, ოცნება ვეტოს დაძლევს და კანონს მიიღებს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართულ ოცნებას კანონპროექტთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიციები აქვს.

"სწორედ ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, როცა სამი მოსმენით მივიღეთ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ცვლილებების პაკეტი და ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით. ვეტოს შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი მომდევნო კვირას კიდევ ერთხელ უყრის კენჭს პაკეტს," - განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის თქმით კი, განსხვავებული აზრი ყოველთვის იქნება.

"თუ ვეცდებით, რომ განსხვავებული აზრის გაქრობის ხარჯზე მივიღოთ გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებებს საერთოდ ვერასდროს მივიღებთ იმიტომ, რომ ყოველთვის იქნება განსხვავებული მოსაზრება. ეს ადამიანის ბუნებაა", - ამბობს გედევან ფოფხაძე.

საქართველოს პრეზიდენტმა ფარული მოსმენების კანონზე ხელმოწერის გადაწყვეტამდე, პოლიტიკურ ჯგუფებთან, საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების დაწყება გადაწყვიტა. მარგველაშვილი  "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს უკვე შეხვდა.

პარლამენტმა კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს 6 მარტს გადაუგზავნა. გიორგი მარგველაშვილმა 21 მარტამდე უნდა გადაწყვიტოს - კანონს ხელი მოაწეროს თუ ვეტო დაადოს.

კომენტარები ()