imedi /  16 მარტი 2017, 00:25 / სანდო წყარო

გორის ააიპ-ებში შტატების შემცირება იწყება

გორის მერია

გორში მოქმედმა ა(ა)იპ-ების დირექტორებმა გორის მერიიდან დღეს გამაფრთხილებელი წერილები მიიღეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი, გორის მერიის პრესსამსახურზე დაყრდნობით, იუწყება. როგორც აღმოჩნდა, ქალაქის მერია ააიპ-ების რეორგანიზაციას გეგმავს, რის გამოც მათი ხელმძღვანელები ოფიციალურად გააფრთხილეს.

"გაცნობებთ, რომ დაწყებულია ააიპ-ის რეორგანიზაცია, შერწყმა, გაყოფა, რაც გამოიწვევს სამუშაო ძალის შტატების შემცირებას. საქართველოს ორგანული კანონის, "საქართველოს შრომის კოდექსის" საფუძველზე, გატყობინებთ რეორგანიზაციიდან გამომდინარე საშტატო ერთეულების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით, მოსალოდნელი თქვენი გათავისუფლების (ხელშეკრულების შეწყვეტის) შესახებ" - აღნიშნულია შეტყობინებაში.

შეტყობინება 42 არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელმა მიიღო. მათ შეტყობინების მიღება ხვალ ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

2017 წლის 6 მარტს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის თანხმობით, მერიას არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ ორგანიზაციებში რეორგანიზაციის დაწყების ნებართვა მიეცა.

რეორგანიზაციის დაწყების საფუძვლად "მუნიციპალიტეტის ფინანსების ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვის" მიზანია მითითებული.

კომენტარები ()