imedi /  17 მარტი 2017, 11:02 / სანდო წყარო

ჯანელიძე: რუსეთის პოლიტიკა ანექსიაზეა ორიენტირებული

მიხეილ ჯანელიძე

თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. მიხეილ ჯანელიძე რუსეთის პრეზიდენტის იმ განკარგულებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საჯარისო ნაწილები, რუსეთის სამხედრო ძალების შემადგენლობაში შევიდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა ასევე აფხაზეთში S 300 ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემების დამატებითი კომპლექტების შეტანაზეც.

„ვისაუბრეთ იმ გამოწვევაზე, რომელიც შეიქმნა რუსეთის ფედერაციისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანების კუთხით. რუსეთის პოლიტიკა ორიენტირებულია ფაქტობრივ ანექსიაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და რომელიც ეხება აფხაზეთში S-300 ტიპის შეიარაღების, საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებით შემოტანას. ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია მშვიდობაზე, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე“, - განაცხადა ჯანელიძემ.  მინისტრის თქმით, საქართველოს პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთმა პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს.

თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, საერთაშორისო სამართალი ყველამ უნდა დაიცვას.

“იმ დახმარებას, რომელიც სჭირდება საქართველოს, ყოველთვის გავუწევთ. ასე იყო წარსულში და ასე იქნება მომავალშიც”, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება. განიხილება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები, ქვეყნებს შორის კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.

კომენტარები ()