imedi /  19 მარტი 2017, 13:20 / სანდო წყარო

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმის ანექსიის მე-3 წლისთავს ეხმაურება

საგარეო საქმეთა სამინისტრო

"სამი წლის წინ რუსეთის შეიარაღებული ძალების ზეწოლით ყირიმში ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმი, რასაც მოჰყვა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქი სევასტოპოლის უკანონო ოკუპაცია და ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამით უგულებელყოფილია უკრაინის კანონმდებლობა და კონსტიტუცია ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები,"-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

საგარეო პოლიტიკური უწყება  კიდევ ერთხელ გმობს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას, რაც საქართველოს  საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. "დღეს, როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე, კონსოლიდირებული პოზიცია, რათა წინ აღვუდგეთ სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებით შევძლოთ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადგილზე,"-აღნიშნულია განცხადებაში. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში 2014 წელს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე შევიდა. ასეთ გადაწყვეტილებას რეფერნდუმში მონაწილეთა დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. კიევი პლებისციტის შედეგებს არ აღიარებს, მოსკოვს კი მიაჩნია, რომ რეგიონის შემოერთების პროცედურა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით ჩატარდა.  

კომენტარები ()