imedi /  19 მარტი 2017, 18:51 / სანდო წყარო

ხვალ აუდიტორია 115 ბუკინისტების მხარდამჭერ აქციას გამართავს

20 მარტს, 15:00 საათზე "აუდიტორია 115"-ის წევრები პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა გადასავლელთან აქციას გამართავენ. აქციის მიზანი ბუკინისტების დაცვაა.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, გასულ კვირას მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მოვაჭრე ბუკინისტები გააფრთხილეს და რამდენიმე დღეში წიგნების დახლების აღება მოსთხოვეს.

"ჩვენ მივიჩნევთ, რომ ბუკინისტები საუნივერსიტეტო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან. მათი საქმიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული საგანმანათლებლო პროცესთან. ძველი წიგნების შემგროვებელთა დახმარებით უამრავი პროფესორი და სტუდენტი ახერხებს შეღავათიან და ხელმისაწვდომ ფასად კლასიკური ლიტერატურის სასურველი ნიმუშების მოძიებას", - ნათქვამია განცხადებაში.

"აუდიტორია 115"-ის ინფორმაციით, შეკრებილებს მიწისქვეშა გადასავლელთან თავისუფალი მიკროფონი დახვდებათ. ნებისმიერს შეეძლება მიკროფონთან მისვლა და მის მიერ ბუკინისტებთან შეძენილი წიგნის შესახებ საუბარი. "ქუჩაში ნაყიდ გამოცემათა შესახებ მოკლე მსჯელობებით სოლიდარობას გამოვუცხადებთ ადამიანებს, რომლებსაც ოჯახების გადასარჩენად წიგნებით ვაჭრობის გარდა სხვა გზა აღარ დარჩენიათ", - ამბობენ ორგანიზაციის წევრები.

"აუდიტორია 115"-ის წევრთა ინფორმაციით, ამ ეტაპზე, შეკრებას ტრადიციული საპროტესტო დემონსტრაციის სახე არ ექნება, თუმცა, ამბობენ, რომ ნებისმიერი გარემოვაჭრის ბედი მათთვის თანაბრად მნიშვნელოვანია და ისინი უკვე მუშაობენ მარჯანიშვილის მოედნიდან და სხვა ადგილებიდან გაძევებული ადამიანების პრობლემების შესწავლაზე.

 

კომენტარები ()