Imedi /  20 მარტი 2017, 15:38 / სანდო წყარო

ელისაშვილს ბესელიაზე განცხადებების უარყოფა და ჯარიმა დაეკისრა

ალეკო ელისაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკა ბესელიას ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

"სარჩელი დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, სადაც ვითხოვდით განცხადებების ცილისწამებად და შეურაცხყოფად აღიარებას. ელისაშვილს დაევალა განცხადებების უარყოფა, იგივე ტელეეთერით, "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერით და მორალური ზიანის ანაზღაურება - 1 000 ლარის გადახდა. თანხა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფონდში გადაირიცხება", - განმარტა ადვოკატმა, გიგა კვერენჩხილაძემ.

პარლამენტის დეპუტატი საკრებულოს დეპუტატისგან განცხადების უარყოფას, ბოდიშის მოხდას და მორალური ზიანისთვის 20 500 ლარის გადახდას ითხოვდა.

"ჯარიმის გადამხდელი არ ვარ და მითუმეტეს, ბოდიშის მომხდელი. მექრთამეების სასარგებლოდ ჯარიმას არ ვიხდი. არც მაქვს 20 ათასი და მითუმეტეს, ბესელიასთვის მისაცემი. ნიშანდობლივია, რომ ბესელიამ საკუთარი რეპუტაცია, პატივი და ღირსება 20 500 ლარად შეაფასა", - ამბობდა ელისაშვილი.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, დეპუტატები ხშირად უკავშირდებოდნენ და პრეზიდენტთან რეკომენდაციის გაწევას სთხოვდნენ. ელისაშვილი აცხადებდა, რომ SMS-ებს წარმოადგენდა, რაც ვერ წარმოადგინა.

კომენტარები ()