imedi /  20 მარტი 2017, 15:43 / სანდო წყარო

ანა დოლიძე უმრავლესობას პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებას ურჩევს

ანა დოლიძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე პრეზიდენტის მიერ ფარული მოსმენების კანონზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა და განმარტება გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ სუს-ს დაქვემდებარებული  "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" დამოუკიდებელი ვერ იქნება, ამიტომ უნდა შეიქმნას ისეთი სააგენტო, რომელიც უშუალოდ პრემიერმინისტრს დაექვემდებარება.

"შემოთავაზებული კანონით კომპანიებს და სახელმწიფოს სჭირდება მთელი რიგი სერვისები. კანონით ამ სერვისებს სააგენტო კომპანიებისგან იღებს უსასყიდლოდ. სინამდვილეში უფასო არაფერია, რადგან კომპანიები ამ სერვისებისთვის თვითონ გასწევენ ხარჯებს. ეს შეიძლება ხარკად დაედოთ პატარა კომპანიებს, რომელსაც შესაძლოა ამის საშუალება არ აქვთ. ამიტომ სახელმწიფომ მათ უნდა შესთავაზოს სამართლიანი ანაზღაურება,"- განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

გიორგი მარგველაშვილმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონს ვეტო დაადო. საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დღეს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა. 

კომენტარები ()