imedi /  05 აპრილი 2017, 18:35 / სანდო წყარო

დედა-შვილის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე მთავარი მოწმე დაიკითხა

დედისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე დაიკითხა.

სწორედ ზაზა ლურსმანაშვილის ჩვენების საფუძველზე გაიხსნა გახმაურებული მკვლელობის საქმე. ის ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილთან მეგობრობდა. ხაბელაშვილმა მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ლურსმანაშვილს მამფორიების ოჯახის დაყაჩაღება შესთავაზა, რაზეც მოწმემ უარი უთხრა.

დაცვის მხარე მოწმეს არ ენდობა და აცხადებს, რომ საქმეში ბრალდებულის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არის.

დედისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ხაბელაშვილს უვადო პატიმრობა ემუქრება. ის დანაშაულს არ აღიარებს.

გამოძიების ვერსიით, ქურდობის მოტივით, ხაბელაშვილი მამფორიების ოჯახში მივიდა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მან ნონა რომანაძეს 27-ჯერ დაარტყა დანა, ხოლო მის მცირეწლოვან შვილს 14 ჭრილობა მიაყენა, სამხილების განადგურების მოტივით კი სახლს ცეცხლი წაუკიდა.

მკვლელობა ქვემო ფონიჭალაში 2016 წლის 22 თებერვალს მოხდა. 44 წლის ნონა რომანაძე საკუთარ სახლში ყელგამოჭრილი, მისი 3 წლის ქალიშვილი კი დამწვარი იპოვეს.

კომენტარები ()