imedi /  10 აგვისტო 2017, 19:30 / სანდო წყარო

ანტარქტიდაზე 1911 წელს დატოვებული ნამცხვარი იპოვეს

ანტარქტიდის კონცხზე, ადერზე, მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ცნობილი ექსპედიციის წევრების დატოვებული ნივთები იპოვეს, მათ შორის აღმოჩინეს მთლიანი ნამცხვარი, რომელმაც ყინვაში 100 წელზე დიდხანს გაძლო. ამის შესახებ გამოცემა Stuff.co.nz წერს. 

ახალზელანდიური ექსპედიციის წევრებს, რომლებმაც ნამცხვარი ნახეს, მიაჩნიათ, რომ ის ბრიტანული ექსპედიციის წევრებმა დატოვეს, რომლის ხელმძღვანელი რობერტ სკოტი იყო. ქოხში ნახეს ასევე გაფუჭებული ხორცი, თევზი და ქილები. 

მართალია, ნამცხვარი გადარჩა, მაგრამ რკინის ყუთისგან, რომლშიც ის იდო, თითქმის აღარაფერი დარჩა. შეფუთვას შემორჩა ლოგოტიპი H&P  (ბრიტანული საკონდიტრო ფირმა Huntley & Palmers).

მეცნიერები ამბობენ, რომ ნამცხვარი მადის აღმძვრელად გამოიყურება, თუმცა უცნაური სუნი აქვს. მკვლევრებმა ნამცხვრის დაგემოვნებაზე უარი თქვეს. 

რობერტ სკოტი აპირებდა, რომ სამხრეთ პოლუსის პირველი "დამპყრობელი" გამხდარიყო. დათქმულ ადგილამდე მან 1912 წლის 17 იანვარს მიაღწია და იქ გაიგო, რომ მას რუალ ამუნდსენის ექსპედიციამ ჩაასწრო. სკოტი და მისი კოლეგები, უკან მობრუნებისას, გზაზე დაიღუპნენ. 

კომენტარები ()