imedi /  19 თებერვალი 2017, 22:17 / სანდო წყარო

ბინ ლადენების პარიზულ სახლში ქურდებმა შეაღწიეს

პარიზი
საფრანგეთი

საუდელი ბინ ლადენების დინასტიის პარიზულ ბინაში ქურდებმა შეაღწიეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს და სახლი ხელცარიელებმა დატოვეს, იუწყება RTL

მედიის ცნობით, ქურდებმა ბინაში სახლის სახურავიდან შეღწიეს, სეიფიც გატეხეს, მაგრამ შიგნით არაფერი აღმოჩნდა. ოჯახის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახლში არანაირ ძვირფასეულობას არ ინახავდნენ. საქმეს პარიზის პოლიცია იძიებს. 

უცნობია, არიან თუ არა ბინის მფლობელები ტერორისტი ოსამა ბინ ლადენის ახლო ნათესავები. საუდის არაბეთის დიდი და მდიდარი დინასტიის ბინ ლადენების წარმომადგენელთა უმრავლესობა ალ ქაიდას ლიდერს ჯერ კიდევ 1994 წელს გაემიჯნა, როდესაც ამ უკანასკნელს მოქალაქეობა ჩამოართვეს.

ოსამა ბინ ლადენი 2011 წლის 2 მაისს ამერიკის სპეცსამსახურებმა საიდუმლო ოპერაციის დროს პაკისტანის ქალაქ აბოთაბადში მოკლეს, სადაც ის რამდენიმე წლის განმავლობაში იმალებოდა.

კომენტარები ()