imedi /  17 მარტი 2017, 21:45 / სანდო წყარო

თურქულმა გაზეთმა მერკელს ჰიტლერის ფორმა ჩააცვა

ანგელა მერკელი

ყოველდღიურმა თურქულმა გაზეთმა Güneş-მა ახალი ნომრის ყდაზე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ნაცისტური ფორმა ჩააცვა და მინაწერი გაუკეთა "ქალბატონი ჰიტლერი", - წერს გერმანული ტაბლოიდი Bild-ი.

ფოტომონტაჟის საშუალებით მერკელის გამოსახულება ყველა საჭირო ნაცისტური სიმბოლოთი აღჭურვეს, მათ შორის სვასტიკით, რომელიც მის მარცხენა გვერდზეა გამოსახული.

Güneş-ი თურქული ბულვარული გაზეთია, რომლის შტაბ-ბინაც სტამბოლში მდებარეობს. გაზეთი 1982 წლიდან გამოდის და მედიაჯგუფ Esmedya-ს საკუთრებაა. გამოცემის დევიზია "ხალხის მამაცი გაზეთი".

გერმანიას და თურქეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ანკარამ თურქული წარმოშობის გერმანელი ჟურნალისტი, Welt-ის კორესპონდენტი დენიზ იუსელი დააკავა. მას ბრალად ედება ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი და ტერორიზმის პროპაგანდაში მონაწილეობა. მერკელმა თურქეთის ხელისუფლებას იუსელის გათავისუფლება და მედიის თავისუფლების დაცვა მოსთხოვა.

კომენტარები ()