imedi /  19 მარტი 2017, 17:32 / სანდო წყარო

უილიამი და კეიტი პარიზში იმყოფებიან

პრინცი უილიამი
კეიტი

პრინცი უილიამი და კემბრიჯის ჰერცოგინია, რომელთაც ფრანგულმა პრესამ ბრიტანეთის „გლამურული იარაღი“ უწოდა, ორდღიანი ვიზიტით პარიზში იმყოფებიან, - იუწყება BBC. ისინი ეწვივნენ სამხედრო ჰოსპიტალს, სადაც შეხვდნენ ქალაქის მცხოვრებლებს, რომლებიც პარიზში თავდასხმის შედეგად დაშავდნენ.

2015 წლის 14 ნოემბერს პარიზში აფეთქებების სერია მოეწყო, ქვეყნის ხელისუფლებამ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ ძალიან მამაცები ხართ, მშვენივრად უმკლავდებით ტრავმას“, - უთხრა პრინცმა პარიზელებს, რომლებმაც ტრაგედია გადაიტანეს.

უილიამი და კეიტი შეხვდნენ 25 წლის ჯესიკას, რომელსაც იმ დღეს ესროლეს. მას 7 ჭრილობა ჰქონდა ფეხში, ბარძაყში და ზურგში. ის, მეგობრებთან ერთად, პარიზის ერთ-ერთ რესტორანში დაბადების დღეს აღნიშნავდა. მისი ერთ-ერთი მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.

„თავდაპირველად არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი, იმდენად უბედური ვიყავი, ახლა კი  მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს, გვყავს მეგობრები, შეყვარებულები, ჩემი მეგობარი მოკლეს, მინდა ის ხალხს ახსოვდეს“, - თქვა ჯესიკამ.

უილიამი და კეიტი ასევე შეხვდნენ 28 წლის კევინსაც, რომელიც ფეხში დაიჭრა კინოთეატრ „ბატაკლანში“.

ფრანგულმა პრესამ დაწერა, რომ ჰერცოგი და ჰერცოგინია - ეს ბრიტანეთის „გლამურული იარაღია“ და მათი ვიზიტი სხვა არაფერია, თუ იმ უარყოფითი ეფექტის შემსუბუქება, რაც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას უკავშირდება.

დიდი ბრიტანეთი არც უარყოფს, რომ პარიზში ცნობილი წყვილის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებას ემსახურება. ეს პარიზში უილიამის და კეიტის პირველი ოფიციალური ვიზიტია. 

კომენტარები ()