imedi /  19 აპრილი 2017, 18:24 / სანდო წყარო

სახიფათო ასტეროიდი, რომელიც დედამიწას უახლოვდება, NASA-მ ფირზე აღბეჭდა

ასტეროიდი 2014 JO25

NASA-ს სარადარო სადგურებმა მსხვილი ასტეროიდის - 2014 JO25-ის პირველი ფოტოები მიიღეს. ასტეროიდი დედამიწას დღეს ღამით დაუახლოვდება და პლანეტის ზედაპირს 2 მილიონი კილომეტრის სიახლოვეზე ჩაუფრენს. ამის შესახებ სააგენტო საკუთარ ვებგვერდზე წერს.

NASA-ს მეცნიერები ფოლდსტოუნის რადარით შეეცადნენ ინფორმაციის მიღებას ასტეროიდის ზუსტი ფორმისა და შემადგენლობის შესახებ. ის ფორმით ჩექმას ჰგავს და ორი უფრო მცირე ზომის ციური სხეულის შეტაკების შედეგად შეიქმნა. მისი უფრო მსხვილი ნაწილის დიამეტრი 620 მეტრია, მეორე ნახევრის ზომები ჯერ დადგენილი არ არის.  

ასტეროიდი 2014 JO25 - 2014 წელს ავტომატიზებული ტელესკოპის საშუალებით აღმოაჩინეს. ის დედამიწაზე სიცოცხლისთვის საშიში ობიექტების სიაშია.

ამ სიაში (Potentially hazardous asteroids) მოსახვედრად ციური სხეული პლანეტას სულ ცოტა 8 მილიონი კილომეტრის მანძილზე უნდა უახლოვდებოდეს, საკმარისად დიდი უნდა იყოს იმისთვის, რომ არ ატმოსფეროში გავლის დროს არ განადგურდეს და სულ ცოტა რეგიონული მასშტაბის კატასტროფის გამოწვევა უნდა შეეძლოს.   

ბოლოს, ამ კატეგორიის ასტეროიდმა - ტუტატის 4179-მა, დედამიწას 13 წლის წინ, დაახლოებით იგივე მანძილზე ჩაუფრინა. დედამიწისა და მსხვილი ასტეროიდის მომდევნო შეხვედრა 2027 წლის აგვისტოშია მოსალოდნელი. მეცნიერების ინფორმაციით, ეს იქნება ასტეროიდი 1999 AN10 - დიამეტრით 1800 მეტრი და წონით 2,9 ტრილიონი კილოგრამი.

კომენტარები ()