imedi /  23 აპრილი 2017, 20:40 / სანდო წყარო

მოყვარულმა ფოტოგრაფმა ავრორას ნათების ახალი სახეობა დააფიქსირა

ჩრდილოეთის ციალის მოყვარულმა ჯგუფმა ნათების ახალი სახეობა აღმოაჩინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ერიკ დონოვანი, რომელიც მოყვარული ფოტოგრაფია, ავრორას ნათებას, იგივე ჩრდილოეთის ციალს ფოტოებზე აღბეჭდავდა რა დროსაც, მისდაუნებურად, ნათების იშვიათი სახეობა აღმოაჩინა. მან ფოტო ავრორას ნათებით დაინტერესებულთა ჯგუფში ატვირთა, სადაც ნათებას საკუთარი სახელი შეარქვეს და მას "სტივი" (Steve) უწოდეს. 

ერიკ დონოვანსა და Facebook ჯგუფის დანარჩენ წევრებს ეგონათ, რომ ფოტოზე ჩრდილოეთის ციალის ერთ-ერთ გარდაქმნა იყო აღბეჭდილი. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ რა ფენომენალურ მოვლენასთან ჰქონდათ საქმე. 

ევროპის კოსმოსის სააგენტომ (ESA) ჩრდილოეთის ციალის ახალი სახეობის შესასწავლად ადგილზე სპეციალური აღჭურვილობა გააგზავნა. შედეგად საოცარი მაჩვენებლები მიიღეს მკვლევრებმა. გაირკვა, რომ ნათება დედამიწის ზედაპირიდან 300 კილომეტრის დაშორებითაა, მის წიაღში ტემპერატურა 3 ათას გრადუს ცელსიუსამდე აღწევს. ციალის სიგანე კი დაახლოებით 25 კილომეტრია. 

ESA-ს მეცნიერის თქმით, ბუნებრივი ფენომენი, რომელიც მოყვარულ დამკვირვებლებს იზიდავს, მკვლევართა უდიდესი ინტერესი გამოიწვია.

ავრორას ნათება, ჩრდილოეთის ციალი, პოლარული ციალი - მას ბევრნაირი სახელი აქვს. ეს არის პლანეტათა ატმოსფეროს ზედა ფენების ნათება. მზის დამუხტული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროში შემოდიან და რაც უფრო მეტია დამუხტული ნაწილაკების რაოდენობა, მით მკვეთრი ციალი მიიღება. ნაწილაკები ატმოსფერულ აირებთან: აზოტსა და ჟანგბადთან შედიან ქმედებაში, სწორედ ამის შედეგად წარმოიქმნება ნატება. 

კომენტარები ()