imedi /  06 მაისი 2017, 19:27 / სანდო წყარო

გვერდითი სკლეროზის სამკურნალოდ ახალი პრეპარატი უკვე იყიდება

ამერიკის სურსათისა და წამლების კონტროლის ადმინისტრაციამ (FDA) ბოლო ოცი წლის განმავლობაში პირველად, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) სამკურნალოდ ახალი პრეპარატი დაამტკიცა. ინფორმაციას NBC ავრცელებს. პრეპარატის სახელწოდებაა "რადიკავა" და იგი იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს.

მართალია, პრეპარატი დაავადებას, რომელიც ადამიანის პარალიზებას იწვევს, სრულიად არ კურნავს, თუმცა მის განვითარებასა და გაუარესებას აფერხებს. წამალი უკვე მოხმარებაშია. პრეპარატით მკურნალობისას, პაციენტმა ის ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა მიიღოს, ხოლო მომავალი ორი კვირა - დაისვენოს. რადიკავას ღირებულება 1000 ამერიკული დოლარზე მეტი იქნება.

კვლევებში ALS-ით დაავადებული 137 პაციენტი მონაწილეობდა. მათ შემთხვევაში, დაავადება უფრო ნაკლებად პროგრესირებდა, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს არ იღებდა.

ALS, იგივე ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, პროგრესული, ხშირად ფატალური დაავადებაა, რომელიც კუნთების დასუსტებას და მათ სრულ პარალიზებას იწვევს.

2014 წელს სოციალურ ქსელებში აქციის დროს, მოქალაქეები ცივ წყალს ისხამდნენ, ვიდეოს იღებდნენ და თანხას ALS-ის ფონდში რიცხავდნენ. ამ გზით, სულ 111 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა, ხოლო მიღებული თანხით დაფინანსებული კვლევისას, აღმოაჩინეს ის გენი, რომელიც ხელს უწყობს დაავადების წარმოქმნასა და განვითარებას.

კომენტარები ()