imedi /  02 აგვისტო 2017, 18:50 / სანდო წყარო

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მზის ბირთვი 4-ჯერ უფრო სწრაფად ბრუნავს, ვიდრე მისი ზედაპირი

მზის ბირთვი ოთხჯერ უფრო სწრაფად ბრუნავს, ვიდრე ბირთვის გარშემო არსებული გარე ფენა. ეს აღმოჩენა მკვეთრად განსხვავდება მზის ბირთვის სტრუქტურის შესახებ აქამდე არსებული წარმოდგენებისგან. დასკვნამდე ამერიკელი და ფრანგი ასტრონომები მივიდნენ. კვლევაზე ინფორმაციას Sci News-ი ავრცელებს.

მანამდე მკვლევართა ჯგუფი ვარაუდობდა, რომ ბირთვსა და ზედაპირზე ბრუნვის სიჩქარე თანაბარი იყო. მათი თქმით, აღმოჩენამ შესაძლებელია სრულად შეცვალოს არა მხოლოდ მზის ევოლუციის, არამედ სხვა ვარსკვლავების წარმოშობა-განვითარების შესახებ არსებული ინფორმაციაც.

მეცნიერებმა, კვლევის პროცესში, დაბალი სიხშირის გლობალური რხევების კომბინაციის მოწყობილობით გაანალიზეს 16 წლის განმავლობაში მიღებული მონაცემები, რომელიც SoHO-ს კოსმოსურ ობსერვატორიაში გროვდებოდა. მოწყობილობა, მზის ზედაპირზე დაბალი სიხშირის აკუსტიკური რხევების დაჭერით, აფიქსირებდა მზის სინათლის ძალას და სიხშირეს. დროდადრო ეს აკუსტიკური ტალღები მზის ზედაპირიდან ვარსკლავის ცენტრისკენ მიემართებოდა, გარკვეული დროის შემდეგ კი უკან - ზედაპირისკენ ბრუნდებოდა. თუ კი ტალღების იმერსია დროში ემთხვევა ზედაპირზე მის დაბრუნებას, მეცნიერები ამბობენ, რომ მაშინ ტალღა ერთი და იგივეა. თუ ტალღების გარედან შიგნით და პირიქით მოძრაობა ერთმანეთს არ ემთხვევა, მაშინ სხვადასხვა ტალღასთან გვაქვს საქმე.

კვლევის ავტორების თქმით, მზის ბირთვს სავარაუდოდ საკუთარი ვიბრაცია უნდა ჰქონდეს, ე.წ. ჰიდროდინამიკული გრავიტაციული ტალღები, რომელთა ბრუნვის სიხშირეც 4-ჯერ აღემატება ზედაპირზე არსებული ტალღების როტაციის სიხშირეს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კი მზე ერთი ციკლის (ეკლიპტიკა) გავლას საკუთარ ღერძზე ერთ თვეს ანდომებს, მზის ბირთვი მას ერთ კვირაში გადის.

ფოტო: NASA / ESA / SOHO.

კომენტარები ()