imedi /  09 აგვისტო 2017, 18:37 / სანდო წყარო

Apple-მა iPhone-ის ახალი იდეა დააპატენტა

iPhone nano-ს ინტერფეისი

კომპანია Apple-მა iPhone-ის ახალი იდეა დააპატენტა, რომლის კორპუსიც iPod nano-ს ჰგავს. Patently Apple-მა მას წინასწარი სახელიც მოუფიქრა და iPhone nano უწოდა. 

კომპანიამ იდეის დაპატენტების შესახებ განცხადება აშშ-ს პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ბიუროში ჯერ კიდევ 2007 წელს შეიტანა, თუმცა ბიურომ საბოლოო გადაწყვეტილება 8 აგვისტოს გამოაქვეყნა ოფიციალურ ვებგვერდზე.

იდეის აღწერილობის მიხედვით, მოწყობილობის სამართავად სენსორული ინტერფეისი იქნება გამოყენებული, რომელიც ოდნავი ზემოქმედებით იმუშავებს. ავტორები ამბობენ, რომ ამ ტიპის სმარტფონის მართვას მომხმარებელი ერთი ხელით უპრობლემოდ შეძლებს.

Patently Apple-ში აღნიშნავენ, რომ iPhone nano-მ ნაკლებ სავარაუდოა როდესმე ბაზარზე გააღწიოს, ვინაიდან მის დიზაინს აქტუალობა დიდი ხანია დაკარგული აქვს. 

ივლისის დასაწყისში imedinews-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელიც iPhone-ის შექმნის ისტორიას შეეხება. თავდაპირველად, სტივ ჯობსი ეჭვობდა, რომ აიფონი სენსორული ეკრანით იქნებოდა, ამიტომ უპირატესობას აიპოდის ტელეფონად გადაქცევას ანიჭებდა. პროტოტიპი ასე გამოიყურებოდა: ეს იყო აიპოდი ეკრანით და ნომრისამკრეფი დისკით, რომელსაც ორი რეჟიმი გააჩნდა - ფლეერის და ტელეფონის. ტელეფონის ნომრის აკრეფვა დისკზე შეიძლებოდა, ისევე როგორც ძველ ტელეფონზე. დისკის საშუალებით უნდა გაგზავნილიყო შეტყობინებებიც: ეკრანზე გამოჩნდებოდა ასოები, რომელსაც ნომრისამკრეფით შეარჩევდი, მაგალითად გამოჩნდებოდა A, დისკს თითს დააჭერდი, შემდეგ B, კვლავ დააჭერდი და ასე შემდეგ. პროცესის გაიოლებისთვის ავტომატური შეცვლის სისტემა მოიგონეს.              

მთლიანობაში Apple-მა ასეთი 200-მდე ტელეფონი შექმნა. მაგრამ გუნდი მალევე მიხვდა, რომ ასე არავინ არასდროს აკრეფდა ნომრებს და შეტყობინებებს.

კომენტარები ()