imedi /  10 აგვისტო 2017, 13:29 / სანდო წყარო

ვიდეობლოგერი ერთმანეთს ახალ და ძველ iPhone-ებს ადარებს

ვიდეობლოგერმა დენი ვინჯეტმა Youtube-ზე iPhone 7s, 7s Plus და iPhone 8-ის პროტოტიპების შესახებ ვიდეოგანხილვა გამოაქვეყნა. ის ერთმანეთს, ასევე, ადარებს არსებულ iPhone 7-სა და iPhone 7 Plus-ს.

როგორც ირკვევა, სამივე ახალ პროტოტიპს შუშის შემადგენლობით შექმნილი კორპუსი აქვს, რომელიც სმარტფონებს Wi-Fi-ს გამოყენებით უსადენო დამუხტვაში ეხმარება. 

დენი ვინჯეტის თქმით, iPhone 7s-ს ფოლადისგან დამზადებული ჩარჩო აქვს, ეს მაშინ, როდესაც iPhone 8-ის ჩარჩო ალუმინის არის. ვინჯეტი ამბობს, რომ iPhone 7-სა და iPhone 7s-ს შორის სხვაობა მხოლოდ სმარტფონის ზომაშია, ტექნიკური მახასიათებლები კი თითქმითს ერთნაირი აქვს.

რაც შეეხება iPhone 8-ს, ცნობილია, რომ მას, წინამორბედებისგან განსხვავებით, ახალი დიზაინი ექნება. ის iPhone 7-სა და 7s-ზე შედარებით დიდი იქნება, ხოლო ეკრანი ფაქტობრივად სრულად დაიკავებს ახალი სმარტფონის ზედაპირს.

ცნობილია ისიც, რომ ახალი სმარტფონები 3 ფერის იქნება - შავი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, შესაძლოა სპილენძისფერიც. 

4 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple-მა უკვე დაიწყო iPhone 8-ის წარმოება. რაც შეეხება iPhone 8-ის შესაძლებლობებზე ცნობებს, ამაზე უფრო ვრცლად ამ სტატიაში წაიკითხავთ - "iPhone 8-ის შესაძლებლობებზე ინფორმაცია დადასტურდა".

ახალი iPhone 8-ის პრეზენტაცია 2017 წლის შემოდგომაზე არის დაგეგმილი.

კომენტარები ()