imedi /  12 აგვისტო 2017, 00:45 / სანდო წყარო

ადამიანს ახალი ინფორმაციის დამახსოვრება ძილის დროსაც შეუძლია

მძინარე მოხალისეებზე ჩატარებული ექსპერიმენტით ნეოროფიზიოლოგებმა დაამტკიცეს გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადამიანი ახალ ინფორმაციას ძილის დროსაც იმახსოვრებს. აღმოჩნდა, რომ ეს პროცესი "სწრაფი ძილის" ფაზაზე ხდება. ვრცლად კვლევას ჟურნალი Nature აქვეყნებს. 

არსებობს ორი ტიპის ძილი - სწრაფი და ნელი(ღრმა), რომელიც მუდმივად ერთმანეთს ენაცვლება. ნელი ძილის დროს, ორგანიზმი თანდათანობით "ითიშება", ხოლო სწრაფი ძილის დროს ორგანიზმი "მუშა რეჟიმზე" გადადის - კუნთები "ითიშება" უსაფრთხოებისთვის, მაგრამ თვალები ქაოსურად მოძრაობას იწყებენ. მიჩნეულია, რომ სწორედ ამ დროს ადამიანი ყველაზე ნათელ სიზმრებს ხედავს. 

პარიზის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ექიმი თომას ანდერლიონის ხელმძღვანელობით, ლაბორატორიაში რამდენიმე მოხალისე დაიბარეს, რომლებსაც ღამე შენობაში უნდა გაეტარებინათ და თეთრ ხმაურში "დამალული" ბგერები მოესმინათ. 

ანდერლიონმა მოხალისეები რამდენიმე ჯგუფად დაჰყო და ისინი ელექტროენცეფალოგრამთან შეაერთა. ოთახში იდგა დინამიკები, საიდანაც ისმოდა "თეთრი ხმაურის" ბგერები, როდესაც მათი ტვინი რომელიმე ფაზაში გადადიოდა. როგორც წესი, ყველა ადამიანს შეუძლია ბგერების თანმიმდევრობის გამეორება, უბრალოდ ზოგს, უფრო ბევრჯერ სჭირდება მოსმენა. 

როგორც ცდამ აჩვენა, მოხალისეები, რომლებსაც "მელოდიას" სწრაფი ძილის დროს უსმენდნენ, უფრო სწრაფად არჩევდნენ ბგერების თანმიმდევრობას, ვიდრე მათ ეს ექსპერიმენტის დასაწყისში შეძლეს. თავის მხრივ, ღრმა ძილის დროს ჩართული აუდიოჩანაწერის დამახსოვრება არამხოლოდ გაუჭირდათ, არამედ რაც მანამდე იცოდნენ, იმის გახსენებაზეც უფრო დიდი დრო დაეხარჯათ. 

მეცნიერების თქმით, ასეთი შედეგით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამიანი ძილის დროს გარე სამყაროსგან აბსოლუტურად  "არ ითიშება" და შეუძლია აღიქვას მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. 

კომენტარები ()