imedi /  23 მარტი 2017, 12:46 / სანდო წყარო

Google განათლების ხელმისაწვდომობისთვის 50 მლნ დოლარს დახარჯავს

მსოფლიოში, ახალგაზრდებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, Google-ი 50 მილიონ დოლარს დახარჯავს. ინფორმაციას გამოცემა Digitaltrends-ი ავრცელებს.

თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიების გამოყენებით, უფრო და უფრო მეტი ადამიანი იღებს განათლებას, მაგრამ მსოფლიოში არიან ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომაც კი არ აქვთ. 

კომპანია Google-ის თანახმად, ტექნიკურ-მატერიალური საშუალებების უქონლობის გამო, მსოფლიოში 130 მილიონამდე ადამიანმა, მათ შორის IV კლასის მოსწავლეებმა, წერა-კითხვა არ იციან, სტუდენტების 74%-ს კი ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.

მსოფლიო განათლების სისტემაში არსებული სწორედ ამ ხვრელის შევსებას გეგმავს Google-ი მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

Google-ი პრობლემის აღმოსაფხვრელად და ტექნოლოგიური განათლების გასავრცელებლად, არამოგებაზე ორიენტირებული სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის გრანტებს გამოჰყოფს. გრანტების საშუალებით, ადამიანებს შეასწავლიან კომპიუტერის გამოყენებას, მუდმივად განახლებად ინფორმაციასთან მუშაობასა და ამ ინფორმაციის შესწავლის მეთოდებს. გრანტები მასწავლებელთა გადამზადებას და კონფლიქტურ რეგიონებში მოსწავლეებისთვის ინტერნეტის წვდომის ზრდასაც ითვალისწინებს.

ეს ინიციატივა Google-ის მიერ გლობალური განათლების სფეროს დაფინსების პირველი შემთხვევა არ არის. განათლების სისტემაში არსებული ნაპრალები შესავსებად, კომპანიას უკვე განხორციელებული აქვს 110 მილიონ დოლარამდე ღირებულების დონაცია.

კომენტარები ()