imedi /  08 აპრილი 2017, 12:50 / სანდო წყარო

Google-ის ახალი ფუნქცია ყალბ ინფორმაციას ამოიცნობს

"გუგლპლექსი"
კალიფორნია

Facebook-მა და Google-მა დააანონსეს კამპანია, რომელიც დეზინფორმაციის აღმოფხვრისკენ იყო მიმართული. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიებმა საზოგადოების ზეწოლის შედეგად მიიღეს. ინფორმაციას Investopedia ავრცელებს. 

როგორც ინტერნეტ მომხმარებლები ამბობდნენ, დონალდ ტრამპის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გადაუმოწმებელი და ტყუილი ინფორმაციის მასობრივად გავრცელების დამსახურება იყო. საქმე ისაა, რომ საპრეზიდენტო კამპანიის დროს სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა უამრავი ტყუილი და "ტროლი" ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოების ნაწილს სჯეროდა. 

რადგან ამ ინფორმაციების ლინკები აქტიურად ზიარდებოდა Facebook-ზე და ძებნის დროს Google-ში იხარჯებოდა, საზოგადოებამ პასუხისმგებლობა სწორედ ამ კომპანიებს დააკისრა. აღნიშნულ მოსაზრებას ინტერნეტში დიდი დისკუსია მოჰყვა. საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობდა, რომ ზრდასრულ ადამიანს თვითონ უნდა შეეძლოს მართალი, ტყუილი და უტრირებული ინფორმაციის გარჩევა და ამაში მესამე ძალა არ უნდა ჩაერიოს. ხოლო ზოგს მიაჩნდა, რომ სოცქსელი თავად მედიაა და მსგავსი პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა აეღო.

დისკუსიების შემდეგ Facebook-მა გაუშვა ყალბი ინფორმაციის ტეგი, რომლითაც საეჭვო საიტები და ლინკები ინიშნება. ახალი ფუნქცია დაემატა Google-საც, რომელიც მომხმარებელს ამა თუ იმ ფაქტის გადამოწმებას სთავაზობს.

აღნიშნული ინიციატივა 2016 წლის ოქტომბერში ამოქმედდა, თუმცა ის სატესტო რეჟიმში მუშაობდა. დღეიდან ეს ფუნქცია გლობალური მასშტაბით, ყველა ენაზეა ხელმისაწვდომი.

ინფორმაციის გადამოწმებაზე სხვადასხვა ორგანიზაციები იმუშავებენ. ყველაზე ტრენდული ინფორმაციის ძიებისას Google-ში გამოჩნდება ამ ინფორმაციის გადამოწმებული ვარიანტი, რომელშიც მიმოხილული იქნება რამდენად შეესაბამება სიახლე სიმართლეს.

დასაწყისისთვის, ეს ფუნქცია მხოლოდ იმ ინფორმაციაზე იმუშავებს, რომელსაც ორი ცნობილი Fact Check ორგანიზაცია გადაამოწმებს. ეს ორგანიზაციებია - PolitFact და Snopes-ი. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ორგანიზაციების მიერ გადამოწმებული ინფორმაციები არ გამოჩნდება.

კომენტარები ()