28 ივლისი 2017 - 19:47

რა დაავადებები გადადის სქესობრივი გზით და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან?

ზაფხული ახალი ნაცნობების, ურთიერთობების და თავგადასავლების დროა. წელიწადის ეს სეზონი კიდევ უფრო აქტუალურია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ზაფხულში დასასვენებლად მთასა თუ ზღვის სანაპიროზე მიდიან. ხშირად ამ დროს ჩნდება ახალი, მათ შორის სექსუალური კავშირებიც. შესაბამისად, იმის ცოდნა, თუ რა საფრთხეები ახლავს თან სექსუალურ ცხოვრებას, მით უფრო დაუცველ სექსს, აუცილებელია. 

 

რომელი დაავადებები გადადის სქესობრივი გზით?

სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა რიცხვი 30-ს აჭარბებს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: ქლამიდიოზი, სიფილისი, ტრიქომონიაზი, გონორეა, ჰერპესი, პაპილომას ვირუსი, გენიტალიების მიკოპლაზმა, B და C ჰეპატიტი და "აივ" ინფექცია (შიდსის ვირუსი). ასევე, არსებობს ვირუსები, რომლებიც არც სქესობრივი გზით გადადის და არც ინფექციისთვის გამოხატული თვისებებით ხასიათდება. მაგალითად, ურეაპლაზმა, გარდნერელა და მიკოპლაზმა. ეს ბაქტერიებია, რომლებიც ისეთი ქალის ორგანიზმშიც არსებობს, რომელსაც სექსი საერთოდ არ ჰქონია.

რა სიმპტომები აქვს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს?

ასეთი ინფექციები ქალისა და კაცის სხეულში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ქალების სიმპტომებია: უხვი ვაგინალური გამონადენი, შარდვის დროს სასქესო ორგანოს წვა (ურეთრიტი), შარდვის დროს ტკივილი, მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი; კაცების სიმპტომებია: ასოდან გამონადენი, სათესლე ჯირკვლების ტკივილი, შარდვის დროს ტკივილი. ხშირია შემთხვევები, როდესაც დაავადება ყოველგვარი სიმპტომის გარეშე ვითარდება. 

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV) უჩვეულოდ ვითარდება. თავდაპირველად ის გრიპს ჰგავს: სიცხე, დაღლილობა, ყელის და თავის ტკივილი. ვირუსი ადამიანის ორგანიზმში გამოკვეთილად თავს 1 წლის შემდეგ იჩენს. ამ დროს სრულად იცვლება მისი სიმპტომებიც: ლიმფური კვანძების გადიდება, დიარეა, წონაში სწრაფი კლება, სხვადასხვა სახის გამონაყარი კანზე, მოგვიანებით წყლულოვანი გამონაყარი ჩნდება სასქესო ორგანოებზეც. 

სიფილისით დაავადების შემთხვევაში, სასქესო ორგანოებზე, პირის ღრუში, სწორ ნაწლავსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჩნდება მკვრივფუძიანი უმტკივნეულო წყლულები.

რაც შეეხება B და C ჰეპატიტებს, მათი სიმპტომები არასტანდარტულია, რის გამოც დიაგნოზის დასმაც შესაბამისი ტესტის გარეშე შეუძლებელია. ამის მიუხედავად, ზოგადი სიმპტომები მაინც არსებობს: ქრონიკული დაღლილობა, გულის რევა, ტკივილი მუცლის არეში, უმადობა, სიცხე, მუქი ფერის შარდი, კუნთების ტკივილი და ა.შ.

როგორ დავიცვათ თავი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან?

თავდაცვის საუკეთესო საშუალება პრეზერვატივია. არსებობს რამდენიმე სახის პრეზერვატივი: ქალის და კაცის პრეზერვატივი, ლატექსის და პოლიურეთანის პრეზერვატივი. კაცისთვის განკუთვნილი პრეზერვატივი უმჯობესია თუ სპეციალურ საცხთან ერთად იქნება გამოყენებული. ამ შემთხვევაში პრეზერვატივი ბევრად უფრო მტკიცეა და დაზიანების (გახევა) ალბათობა ნაკლებია. ლატექსის პრეზერვატივის შემთხვევაში კი ზეთოვანი საშუალებების გამოყენება არ შეიძლება - რეკომენდებულია მისი მოხმარება წყლის ან სილიკონის შემადგენლობით დამზადებულ საცხთან ერთად. სხვა შემთხვევაში ლატექსის პრეზერვატივი დაზიანდება. პრეზერვატივი დაცვის 100%-იან გარანტიას არ იძლევა, თუმცა არსებულ საშუალებებს შორის საუკეთესოა (თუკი სწორად გამოიყენებთ).

პაპილომისა და B ჰეპატიტის ვირუსისგან თავის დასაცავად არსებობს ვაქცინა, რომლის გაკეთებაც გოგოსთვის 26 წლამდე, ხოლო ბიჭისთვის 21 წლამდეა რეკომენდებული. "აივ" ინფექციით დავადების რისკს კაცებში 50%-მდე ამცირებს წინადაცვეთა, თუმცა ამ ოპერაციას თავისი რისკები აქვს. 

კონტრაცეფციის ქიმიური მეთოდი - სპერმიციდები - სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან არ იცავს, არამედ ხელს მხოლოდ დაორსულებას უშლის და ისიც არაეფექტიანად.

ინფექციები მხოლოდ ვაგინალური სექსით გადადის?

არა! ინფექციები შეიძლება გადავიდეს ორალური და ანალური სექსის დროს, ასევე სასქესო ორგანოს თითით სტიმულირებისას (Fingering). მაგალითად, გონორეათი დაავადებულთან ორალური სექსის დროს, ადამიანი ხახის გონოკოკით შეიძლება დაავადდეს. ამიტომ სასურველია თუ დაცვის მექანიზმებს სექსის ზემოთ ჩამოთვლილი სახეობების დროსაც გამოიყენებთ.

რამდენად ხშირად უნდა შევამოწმო თავი ინფექციებზე?

ეს დამოკიდებულია თქვენს ასაკსა და ცხოვრების წესზე. ზოგადი რეკომენდაცია კი ასეთია:

  • აქტიური სექსუალური ცხოვრების მქონე 25 წლამდე ქალმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ანალიზი გონოროეასა და ქლამიდიოზზე. 
  • აივ ინფექციაზე ანალიზის გაკეთება ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებელია.

ასაკის მიუხედავად, თუ ქალი ფიქრობს, რომ სიფილისით, ტრიქომონიაზით ან B ჰეპატიტით დაავადების საფრთხე ერთხელ მაინც შეექმნა, მისი გამოკვლევა აუცილებლია. 

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკფაქტორებია: 

  • ახალი პარტნიორი
  • პარტნიორი, რომელსაც სექსი სხვასთანაც აქვს
  • სქესობრივი გზით გადამდები რომელიმე ინფექციით ერთხელ მაინც დავირუსება
  • სექსი ფულის სანაცვლოდ
  • ნარკოტიკები

კაცებმა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე შემოწმება წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიარონ, მით უფრო, იმ შემთხვევაში თუ ბოლო 2 წლის განმავლობაში დაუდგინდათ სიფილისის, ქლამიდიოზის ან ნებისმიერი სხვა ინფექციის არსებობა, რომელიც სექსით გადადის.

B და C ჰეპატიტზე ხშირად უნდა შეამოწმონ თავი ადამიანებმა, რომლებიც შემდეგ რისკის ჯგუფს წარმოადგენენ: ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები; ტატუს მოყვარულები; ადამიანები, რომლებიც ხშირად იკეთებენ პედიკურ-მანიკურს სალონებში.

როგორ კეთდება ინფექციებზე ანალიზები?

ამას თქვენი პირადი ექიმი გადაწყვეტს. არსებობს რამდენიმე ვარიანტი: სისხლის ანალიზი, შარდის ანალიზი და ნაცხის აღება. სისხლის ანალიზით შესაძლებელია გაიგოთ ხართ თუ არა დაინფიცირებული: აივ ინფექციით, სიფილისით, B ან C ჰეპატიტით. ნაცხის ანალიზით შესაძლებელია შემდეგი ინფექციების დადგენა: გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, Mycoplasma genitalium-ით გამოწვეული სხვა დაავადებები. შარდის ანალიზით გაიგებთ ისეთი დაავადებების არსებობა/არარსებობის შესახებ, როგორებიცაა გონორეა და ქლამიდიოზი.

ცვლის თუ არა რამეს სექსი ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის?

არა! ჰომოსექსუალი და ლესბოსელი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა ისეთივე რისკის ქვეშ არის, როგორც ჰეტეროსექსუალი. ჰომოსექსუალმა ყოველწლიურად უნდა ჩაიტაროს აივ ინფექციის ტესტი, ასევე შეიწმოს თავი სიფილისზე, გონორეაზე, ქლამიდიოზსა და რექტალურ ინფექციებზე. ასევე, ერთხელ მაინც ჩააბაროს C ჰეპატიტზე ტესტი. ლესბოსელმა კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პაპილომას ვირუსსა და ჰერპესს, ასევე აივ ინფექციასა და ჰეპატიტებს.

სექსი მქონდა პარტნიორთან, რომლის ჯანმრთელობაზეც საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს. რა ვქნა?

დასაწყისისთვის, უმჯობესია სქესობრივი აქტიდან 24 საათის განმავლობაში B ჰეპატიტზე ჩაიტაროთ ანალიზი. რაც შეეხება დანარჩენ ინფექციებს, მათზე ტესტის გაკეთებას პირველი ორი კვირა აზრი არ აქვს, ვინაიდან ვირუსი ორგანიზმში ჯერ გამოხატული არ იქნება. დაუცველი სქესობრივი აქტიდან 1-2 კვირის შემდეგ, გაესინჯეთ ტრიქომონიაზის, ქლამიდიოზისა და გონორეის ვირუსებზე; ხოლო 1-1.5 თვიდან 3 თვემდე პერიოდში ჩაიტარეთ ანალიზი სიფილისსა და აივ ინფექციაზე, ნახევარი წლის შემდეგ აივ ინფექციაზე ტესტი გაიმეორეთ.

ინფექციის არსებობა დამიდგინეს. რა ვქნა?

უნდა იმკურნალოთ! ქლამიდიოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი და სიფილისი, თუ არ იმკურნალებთ, უშვილობას იწვევს. ექიმები ამ დაავადებებს მარტივად, ანტიბიოტიკით ან ანტიბაქტერიული პრეპარატით მკურნალობენ, რომლის ხანგრძლივობის მაქსიმუმი 1 კვირამდეა. აივ იფენქცია კი სპეციალური ანტირეტროვირუსული მკურნალობის გარეშე, შიდსში გადადის, რომელიც სიკვდილით მთავრდება. B ჰეპატიტი ღვიძლის კიბოს და ამ ორგანოს დაშლას იწვევს. 

არ დაგავიწყდეთ! თუ თქვენ რომელიმე ინფექციის არსებობა დაგიდასტურდათ, თქვენს პარტნიორს უფლება აქვს ამის შესახებ იცოდეს, რათა მანაც შეძლოს დაავადებაზე საკუთარი თავის შემოწმება.

წყარო: Meduza

კომენტარები ()

სხვა თემები