27 ივლისი 2017 - 19:01

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო მეშვიდედ დაძლია. ეს კარგია თუ ცუდი?

26 ივლისს, პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ ერთდროულად სამ კანონპროექტზე დადებული ვეტო დაძლია. ესენია, ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების პროექტი და ”საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებული ორი სხვადასხვა კანონპროექტი. პრეზიდენტმა ვეტოს უფლება 20 ივლისს გამოიყენა და პარლამენტს ეს კანონპროექტები თავისი მოტივირებული შენიშვნებით უკან გადაუგზავნა. გიორგი მარგველაშვილმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ვეტოს უფლებამოსილების გამოყენების შესახებ მეშვიდედ განაცხადა. უმრავლესობამ ყველა ჯერზე ვეტო დაძლია, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, პრეზიდენტის შენიშვნებიც გაითვალისწინა.    

ვეტოს დაძლევა იოლია?

გააჩნია ქვეყანას და ვეტოს ტიპს, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში მოქმედებს. ფართო გაგებით, ვეტო ნიშნავს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აკრძალვას ან შეყოვნებას იმ პირის ან ორგანოს მხრიდან, რომელსაც ვეტოს უფლება აქვს. ჩვეულებრივ, ეს უფლება აქვს ხოლმე სახელმწიფოს მეთაურს, რომელსაც შეუძლია ვეტო დააადოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს.

არსებობს აბსოლუტური და შეყოვნებითი (სუსპენზიური) ვეტო. პირველ შემთხვევაში, კანონი საბოლოოდ იბლოკება, მეორე შემთხვევაში კი ის ყოვნდება და მისი ამოქმედება ჭიანურდება. ამ დროს პარლამენტს აქვს უფლება და შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მიუბრუნდეს კანონს, შენიშვნები გაითვალისწინოს და ხელახლა უყაროს მას კენჭი.

აბსოლუტური ვეტოს პრაქტიკაა გაეროს უშიშროების საბჭოში, როცა მისი ხუთი წევრიდან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი) რომელიმეს უფლება აქვს ერთპიროვნულად შეაჩეროს საბჭოს ნებისმიერი რეზოლუციის აღსრულება.

რა აზრის აქვს ვეტოს თუ მისი დაძლევა იოლად შეიძლება?

ის, რომ საქართველოში სუსტი შეყოვნებითი ვეტო მოქმედებს და არა ძლიერი, როგორც ეს ძირითადად ძლიერი საპრეზიდენტო მართველობის ქვეყნებშია, არ ნიშნავს იმას, რომ მას აზრი არ აქვს. ასეთ შემთხვევაში, ის არც საქართველოში იარსებებდა და არც სხვა ქვეყნებში. შეყოვნებითი ვეტო მოქმედებს ევროპის საპარლამენტო მოწყობის სახელმწიფოებშიც, სადაც პრეზიდენტს სიმბოლური და არბიტრის ფუნქცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა იყო, ყოველთვის სუსტი შეყოვნებითი ვეტო მოქმედებდა. ასეა დღესაც და ასეა გათვალისწინებული კონსტიტუციის ახალ პროექტშიც, რომლის მიღების შემდეგ ქვეყნის მმართველობის მოდელი საპარლამენტოს დაუახლოვდება.

ვეტოს, მათ შორის შეყოვნებითს, სამი ძირითადი ფუნქცია აქვს, ინსტიტუციური, სამართლებრივი და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი:   

- იქ, სადაც პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეზღუდულია და ის პოლიტიკის მიღმა მდგომ ფიგურას წარმოადგენს, ვეტო მის ხელში პოლიტიკური წონასწორობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტია და იმავდროულად, ასეთი „არბიტრი პრეზიდენტის“ არსებობას ამართლებს.

- სამართლებრივად, ვეტო ერთგვარი კონსტიტუციურობისა და კანონშესაბამისობის კონტროლის მექანიზმია.

- ვეტოს გამოყენება არის შესაძლებლობა პოლიტიკურ ინსტიტუტებში დამატებითი დისკუსიისთვის და მისაღები კანონის შესაძლო შედეგებზე დაფიქრებისთვის. ამ დროს პარლამენტს აქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიუბრუნდეს კანონს, შენიშვნები გაითვლისწინოს და ხელახლა უყაროს მას კენჭი.

პრეზიდენტმა ვეტოს უფლება 7-ჯერ გამოიყენა ანუ 7 კანონს დაადო ვეტო?

არა. გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლების გამოყენების შესახებ უბრალოდ 7-ჯერ განაცხადა, თორემ ვეტო ორ ათეულზე მეტ სამართლებრივ აქტს დაადო. საინფორმაციო არქივებში პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ვეტოს უფლების გამოყენების ქრონიკა ასეთია:  

7. 2017 წლის 20 ივლისი

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 20 ივლისს ვეტო დაადო თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც შვიდი ქალაქისათვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევას და ცესკოს დაკომპლექტების ახალი წესის ამოქმედებას ითვალისწინებს.

6. 2017 წლის 20 მარტი
 
პრეზიდენტმა ვეტო დაადო ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა 1 მარტს მიიღო და რომელიც ფარულ საგამოძიებო მოსმენებთან დაკავშირებით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.

5. 2017 წლის 24 იანვარი

გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ სახელწოდებით ცნობილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ცალკეულ დებულებებს, რომლებიც მისი შეფასებით, მიუკერძოებელი სასამართლოს პრინციპებს ეწინააღმდეგება, ვეტო დაადო, თუმცა ასევე მიესალმა „ბევრ სასარგებლო“ ცვლილებას, რომელსაც პარლამენტის მიერ ხანგრძლივი განხილვის შემდეგ დეკემბრის ბოლოს მიღებული ეს პაკეტი მოიცავს.  

4. 2016 წლის 31 მაისი

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სადავო საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს განსახილველად. 

3. 2015 წლის 31 ივლისი

პრეზიდენტმა საბანკო ზედამხედველობის შესახებ ცვლილებებს, რომელიც ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციას ართმევს, ვეტო დაადო.

2. 2014 წლის 29 ნოემბერი

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო მოსმენების შესახებ მთავრობის მიერ მხარდაჭერილ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტმა 28 ნოემბერს დაამტკიცა და რომელიც შსს-ის საკომუნიკაციო საშუალებებთან პირდაპირი მიერთების ბერკეტს უტოვებს.

1. 2014 წლის 31 ოქტომბერი

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ ფარულ მოსმენებზე ახალი რეგულაციების მიღება, რომელიც განსაზღვრავს თუ რომელ ორგანოს უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა მოსმენებზე, უზრუნველყოს 2015 წლის 28 თებერვლამდე, ნაცვლად აქამდე კანონით განსაზღვრული 1 ნოემბრისა. 

მოკლედ, ვეტო კარგია თუ ცუდი?

ვეტო კარგი ან ცუდი ვერ იქნება. ის ინსტრუმენტია, რომელსაც ყველა ცივილიზებული სახელმწიფო იყენებს. შესაბამისად, ის საჭიროა და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის ნაწილია. ლეგიტიმურია მისი გამოყენებაც და მისი დაძლევაც. ისეთი კატეგორიებით კი, როგორებიცაა "კარგი" თუ "ცუდი", მხოლოდ შედეგის შეფასება შეიძლება. იმას, თუ როგორ იმუშავებს კანონი, რომელიც ერთმა ორგანომ ან პირმა მიიღო, მეორემ კი მისი მოქმედება შეაყოვნა, საზოგადოება შეაფასებს და როგორც ერთ, ასევე მეორე გადაწყვეტილების მიმღებს არჩევნებში ნდობის გამოცხადება-არგამოცხადებით უპასუხებს.

კომენტარები ()

სხვა თემები