28 ივლისი 2017 - 23:18

რატომ არ გვჯერა ჩვენი წარმატების და რატომ გვეშინია, რომ გვამხელენ?

ყველა ფიქრობს, რომ ჩემს საქმეში კარგად ვერკვევი, თუმცა მე ხომ ვიცი, რომ ასე არ არის

როგორც ჩანს, თქვენ თვითმარქვიას სინდრომი გაქვთ. ნამდვილად ასეა, თუ მიგაჩნიათ, რომ ყველა თქვენი წარმატება უბრალოდ გამართლება ან სხვისი დამსახურებაა, რომ თანამდებობა შემთხვევით გერგოთ, სინამდვილეში კი საკმარისად კომპეტენტური არ ხართ და სხვებს უბრალოდ თვალებში ნაცარს აყრით. ამასთან, ადამიანები, რომლებსაც თვითმარქვიას სინდრომი აქვთ, ფიქრობენ, რომ ისინი ყველას ატყუებენ და მათ მალე ამხელენ, რის შემდეგაც მათი რეპუტაცია საპნის ბუშტივით გაქრება. სინამდვილეში, ეს თქვენი შესაძლებლობებისა და წარმატებების არაადეკვატური და დაბალი შეფასებაა.

იქნებ მართლაც თვითმარქვია ვარ?

საქმე ის არის, რომ არა (თუმცა სიზუსტისთვის თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ტესტი, რომელიც 20 კითხვისგან შედგება). თვითმარქვიას სინდრომი ხშირად აქვთ ე.წ high achievers-ებს ანუ მიზანდასახულ  და წარმატებულ ადამიანებს, რომელთა შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა თავში არავის მოსვლია. ამ სინდრომს ხანდახან ჭკვიანი ადამიანის წყევლსაც უწოდებენ: მისით იტანჯებიან როგორც მეცნიერები, ისე „ოსკარის“ მფლობელები და ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტების ორი მესამედი. უბრალოდ, ამის შესახებ არ ლაპარაკობენ. პირველ რიგში, მათ საკუთარი სისუსტის აღიარების რცხვენიათ და ეშინიათ, რომ საკუთარ თავს თავად ამხელენ.

ეს ყველაფერი დაბალი თვითშეფასების ბრალია?

უფრო - გარშემომყოფთა არაადეკვატური წარმოდგენების. მეცნიერების მტკიცებით, ასეთი განცდები პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რას ელიან ჩვენგან და რამდენად მკაცრად განგვსჯიან. იმავდროულად, ბევრი „თვითმარქვია“ გულის სიღრმეში სათანადოდ აფასებს საკუთარ თავს, თუმცა ეშინია, რომ ბევრი ასე აღარ ფიქრობს. მაგალითად, 2000 წელს აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „თვითმარქვიებს“ იმ შემთხვევაში აშინებდათ ამოცანების და ტესტების შედეგები, თუ მათ შესახებ სხვები გაიგებდნენ. შედეგების ანონიმურობის შემთხვევაში კი თავდაჯერებულობა ემატებოდათ.

აქვს თუ არა ეს სინდრომი ყველა წარმატებულ ადამიანს?

ყველას არა, მაგრამ ბევრს აქვს. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ფსიქოლოგებისა და მეცნიერების ცნობით, პროფესიონალების 30-დან 70%-მდე თავს სხვადასხვა ფორმით "თვითმარქვიად" მიიჩნევს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, თვითმარქვიას სინდრომისკენ მიდრეკილება ხასიათის შტრიხი არ არის, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვლინდება. ეს განცდა შეიძლება გარკვეულ სიტუაციებში გაჩნდეს, რომლებშიც ადამიანი თავს განსაკუთრებულად მოწყვლადად მიიჩნევს. გარდა ამისა, დიდხანს ფიქრობდნენ, რომ ეს მხოლოდ ქალების პრობლემაა და კაცებს არ ახასიათებთ.

რატომ მაინცდამაინც ქალების?

მიზეზი გენდერული შეზღუდვებია. ისტორიულად ქალებს საპასუხისმგებლო თანამდებობები არ ეკავათ და ბევრ პროფესიასაც კაცებზე გვიან დაეუფლნენ. დღემდე, სამეცნიერო წრეებსა და ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალებს ხშირად გაორმაგებული ძალით უწევთ  მუშაობა, რომ სტერეოტიპები დაძლიონ და საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცონ.

პირველად ამ სინდრომზე, უფრო ზუსტად კი მის ნიშნებზე ყურადღება ამერიკელმა ფსიქოლოგმა პოლინ როუზ კლენსმა გაამახვილა. 70-იანი წლების ბოლოს კლენსმა შენიშნა, რომ მის ზოგიერთ სტუდენტს, მიუხედავად მაღალი ნიშნებისა, დაბალი თვითშეფასება ჰქონდა. ახალგაზრდებს ეშინოდათ ახალი საქმის დაწყების, მაშინაც კი, როცა ამ საქმეს წარმატებულად ართმევდნენ თავს. კლენსის კვლევები საფუძვლად დაედო მის წიგნს „თვითმარქვიას ფენომენი: დაუძლეველი შიში, რომელიც თან ახლავს წარმატებას“.

კიდევ ერთი კვლევის ავტორებმა, სოციოლოგებმა ჯესიკა კოლეტმა და ჯეიდ ეიველისმა დაასკვნეს, რომ ქალები, მარცხის შიშით, კაცებზე ხშირად ამბობდნენ უარს სამეცნიერო კარიერაზე. ამავე კვლევამ აჩვენა, რომ ბევრი ქალი საკუთარ თავს არარეალისტურად მაღალ მოთხოვნებს უყენებს. მაგალითად, გამოკითხვის ერთ-ერთი მონაწილე საკუთარ თავს ზარმაცად მხოლოდ იმიტომ მიიჩნევდა, რომ  სამსახურში დღეში 13 საათის გატარება არ სურდა. ასევე, ზოგიერთი ქალი თავის წარმატებულ ქალ უფროსს ან ქალ მასწავლებელს სუპერგმირად მიიჩნევს, მასთან შერკინება ფუჭ საქმედ მიაჩნია და ესეც ერთგვარი დემოტივაციაა.

თვითმარქვიას სინდრომი აღიარეს ჰოლივუდის მსახიობებმა ნატალი პორტმანმა, ქეით უინსლეტმა და ემა სტოუნმა. ასევე Facebook-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა მარგარეტ ჩანმაც კი.

ეს კაცებსაც ეხებათ?

როგორც გაირკვა, კი. 1990-იან წლებში ახალი კვლევების ჩატარება დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ თვითმარქვიას სინდრომი კაცებისთვისაც დამახასიათებელია, უბრალოდ, უფრო ნაკლებად.  ამასთან, კაცები ცდილობენ ამაზე არ ილაპარაკონ და ფსიქოლოგებსაც ნაკლებად მიმართავენ. თუმცა, მაგალითად ანონიმურ გამოკითხვებში თავიანთ შიშებს აღიარებენ.

რატომ არის, რომ ზოგს აქვს თვითმარქვიას სინდრომი, ზოგს - არა?

ყველაფერი დამოკიდებულია აღზრდაზე. ისევე როგორც ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა, თვითმარქვიას სინდრომიც ბავშვობაში ყალიბდება. სწორედ ბავშვობაში ვსწავლობთ ადამიანებთან ურთიერთქმედებას და მათი რეაქციების შეფასებას. თუ ადამიანი ამ გამოცდილებას დამოუკიდებლად ვერ იძენს (უფროსების ჩარევის გამო), მომავალში მას უწევს რეალობის მორგება ათვისებულ მოდელებზე, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება.

მაგალითად, თუ ბავშვს არ ჰქონდა მშობლების მხარდაჭერა, ხშირად ეჩხუბებოდნენ და მუდივად სხვების მაგალითზე უთითებდნენ, დიდობაში ის ხშირად დაეჭვდება საკუთარ შესაძლებლობებში. შეიძლება პირიქითაც მოხდეს. დავუშვათ, ბავშვობაში თქვენ ხშირად გაქებდნენ: მშობლებისთვის იყავით ყველაზე ჭკვიანი, ნიჭიერი, ამასთან, თქვენ იცოდით, რომ მშობლები არაობიექტურები იყვნენ და შეეჩვიეთ, რომ დაუმსახურებლად გაქებდნენ. ასეთი შემთხვევების შემდეგ ნამდვილად რთულია საკუთარ თავს დაუმტკიცოთ, რომ მართლა რაღაცას წარმოადგენთ.

რა მემუქრება ამ სინდრომის გამო?

სიძნელეები სამსახურში და საქმეში, თანაც ძალიან რეალური. ადამიანს, რომელსაც თვითმარქვიას სინდრომი აქვს, ახალი საქმის დაწყება უჭირს. ის ნამდვილი თვითმარქვიასავით იწყებს მოქცევას. ყველა ეჭვი და შიში მიდის არაჯანსაღ პერფექციონიზმამდე და პროკრასტინაციამდე, როდესაც „თვითმარქვია“ ქვეცნობიერად ცდილობს საქმის დაწყების გაჭიანურებას.

ასეთ ადამიანებს შეიძლება ასევე ე.წ "დაუნშიფტინგიც" გამოუვლინდეთ - ქცევა, როდესაც საკუთარ თავს უფრო იოლ მიზნებს უსახავ, გეშინია ინიციატივის გამოვლენის, უარს ამბობ საინტერესო შეთავაზებებზე და უარს ამბობ ისეთ ამოცანებზე, რომელთა გადაჭრაც სინამდვილეში შეგიძლია.

ეს ძალიან გავრცელებულია სამეცნიერო წრეში: ასპირანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს ახასიათებთ საკუთარი ამბიციების "მორჯულება", როდესაც კოლეგების მაღალ პროფესიონალიზმს გადაეყრებიან.

ნაწილობრივ ამით აიხსნება ქალის და კაცის ხელფასებს შორის სხვაობაც: დაბალი თვითშეფასების გამო ქალები ხშირად თვითონ ითხოვენ უფრო ნაკლებ ხელფასს, ვიდრე მათი კოლეგა კაცები.

როგორ გავთავისუფლდე ამ სინდრომისგან?

თვითმარქვიას სინდრომის მსუბუქ ფორმებთან გამკლავება დამოუკიდებლადაც შეიძლება. ისწავლეთ საკუთარი წარმატებების გაანალიზება, აღიარება და გადაეჩვიეთ საკუთარი თავის მუდმივად სხვებთან შედარებას. საბოლოო ჯამში, როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, ამ შიშის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა არსებული პრობლემის განხილვა. თქვენ დარწმუნდებით, რომ ასეთი განცდები მარტო თქვენ არ გაქვთ და „თვითმარქვიებს“ შორის ბევრ ისეთ წარმატებულ ადამიანს აღმოაჩენთ, რომლებითაც ხშირად აღფრთოვანებულხართ.

სინდრომის უფრო რთული ფორმების დაძლევას შველის კოგნიტურ-ქცევითი თერაპია, მაგრამ ფსიქოთერაპიის სხვა სახეობებიც დაგეხმარებათ.

წყარო: Meduza

კომენტარები ()

სხვა თემები