31 ივლისი 2017 - 11:21

მიხეილ სააკაშვილი გახდა აპატრიდი. ვინ არიან და რა უფლებები აქვთ მოქალაქეობის არმქონე პირებს?

26 ივლისს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეობა შეუწყვიტა. სააკაშვილი, რომელმაც მანამდე საქართველოს მოქალაქეობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა, მოქალაქეობის არმქონე პირი, ანუ აპატრიდი გახდა. ასეთი ადამიანების ზუსტი რაოდენობა უცნობია. თუმცა, გაეროს შეფასებით, მსოფლიოში დღეს მოქალაქეობა დაახლოებით 15 მილიონზე მეტ ადამიანს არ აქვს. 

ვინ არის აპატრიდი და რა უფლებები აქვს მას?

აპატრიდი ფიზიკური პირია, რომელსაც არ აქვს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა და პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რის გამოც ის თავის არსებობას ვერ ამტკიცებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ადამიანი, რომელიც ფიზიკურად არსებობს, მაგრამ სამართლებრივად - არა. შესაბამისად, ყველა უფლება და შესაძლებლობა, რომელიც ადამიანს აქვს მისი სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, აპატრიდს არ აქვს, მათ შორის გადაადგილების, დასაქმების, დაქორწინების, ფინანსური ოპერაციების განხორციელების (ბანკში ანგარიშის გახსნის), სოციალური და სამედიცინო მომსახურების მიღების და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გასაჩივრების უფლებაც კი.

ასეთი ადამიანი ხომ შეიძლება მოკვდეს? გამოსავალი არ აქვს?

რა თქმა უნდა, აქვს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თავად მოისურვებს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, ასეთი ადამიანების არსებობა რამდენიმე კონვენციით რეგულირდება. ესენია გაეროს ნიუ-იორკის 1954 წლის და 1961 წლის კონვენციები “მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ”, ასევე სტრასბურგის ორი კონვენცია. თუმცა იმისთვის, რომ ადამიანი სამართლებრივ სივრცეში დაბრუნდეს, მან თავად უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. კერძოდ, მიმართოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დევნილის სტატუსის მინიჭების თხოვნით, რომლის დაკმაყოფილების შემდეგაც, პირს პოლიტიკური უფლებების გარდა (მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობის ან ხმის მიცემის უფლება, თანამდებობაზე დანიშვნა, პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანების უფლება და სხვა) სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა სხვა უფლება აღუდგება.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობასაც ვერ მოითხოვს?

უფლება კი აქვს, მაგრამ მოთხოვნას არ აქვს აზრი. რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება პროცედურულად მოითხოვს ადამიანის სამართლებრივ იდენტიფიკაციას. იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ვერ ამტკიცებს თავის არსებობას, მოქალაქობის მინიჭების პროცედურა ვერ დაიწყება. თუმცა ეს არ ეხება პირს, რომელსაც გაერო დევნილის სტატუსს მიანიჭებს. ასეთ შემთხვევაში, ის სხვა შესაძლებლობებთან ერთად იბრუნებს მოქალაქეობაზე სხვა ქვეყნისთვის მიმართვის უფლებასაც.

სახელმწიფოს თუ აქვს უფლება, პირი მოქალაქეობის გარეშე დატოვოს?

აქვს. სამართლებრივად მოქალაქეობის დაკარგვის რამდენიმე საფუძველი არსებობს:

- თუ აპატრიდი მშობლები გყავს
გამონაკლისია ის ქვეყნები, და ეს, ძირითადად, ამერიკის კონტინენტის ქვეყნებია (აშშ, კანადა, ბრაზილია, მექსიკა), სადაც მოქმედებს მოქალაქეობის ავტომატურად, დაბადებით მიღების უფლება (საქართველოში, დღეს მოქმედი კანონით, ასეთი ავტომატური რეგულაცია მოქმედებს მხოლოდ სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებზე, რომელთა მშობლების ქვეყნებიც დაბადების ამ წესს არ აღიარებენ).  

-  თუ ნებაყოფლობით ამბობ უარს მოქალაქეობაზე
მაგალითად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად, უნდა დატოვო მანამდელი მოქალაქეობა. შუალედში, ასეთი ადამიანი დროებით აპატრიდად ითვლება. მაგრამ თუ მან უარი თქვა ძველ მოქალაქეობაზე და ახალი ვერ მიიღო, ის ხდება მოქალაქეობის არმქონე პირი. ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით (საქართველოშიც) დაუშვებელია ადამიანის მიერ მოქალაქეობის დაკარგვა გარანტიის გარეშე, რომ ეს პირი ნამდვილად გახდება სხვა სახელმწიფოს მოქალაქე.

მაგალითისთვის, ასე მოიქცა საფრანგეთის სახელმწიფო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც იმავდროულად საფრანგეთის მოქალაქეც იყო, პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ივანიშვილი მზად იყო, უარი ეთქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე ქართული პასპორტის სასარგებლოდ, თუმცა საფრანგეთის სახელმწიფომ გარანტიის გარეშე, მას ამის უფლება არ მისცა.

- თუ სახელმწიფო, რომლის მოქალაქეც ხარ, უქმდება, დაიპყრეს, დაიშალა, სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა.
1991 წელს დაშლილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ მოქალაქეს, დღემდე არ აქვს პასპორტი და აპატრიდის სტატუსით სარგებლობს.

- თუ შეგნებულად ირიცხები მოქალაქეობიდან, რელიგიური, პოლიტიკური ან ეთნიკური ნიშნით.
ზოგიერთ ქვეყანაში ეს დაშვებულია, ზოგან არა, თუ პირი ამას ნებაყოფლობით არ აკეთებს, გარდა იშვიათი შემთხვევებისა, როდესაც ადამიანს მოქალაქეობას პრეზიდენტის ბრძანებით ართმევენ. ეს პირის გაძევების მექანიზმია, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს

-  თუ შეგნებულად ამბობ უარს მოქალაქეობაზე

- თუ მოქალაქეობის მიღების ეტაპზე წარადგინე ყალბი მონაცემები და დოკუმენტები.
კიევმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტისას სწორედ ეს საფუძველი გამოიყენა. ეს წესი საქართველოშიც მოქმედებს. თუმცა, მსგავსი რამ, ყველაზე ხშირად ხდება მაშინ, როდესაც ფიქტიურ ქორწინებაში გამხელენ, რის შემდეგაც ქორწინების შემდეგ განხორციელებული ყველა ოპერაცია და შეძენილი სტატუსები ანულირდება.

ესე იგი, უკრაინის გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე სამართლებრივად გამართულია?

დაზუსტებით თქმა რთულია, რადგან გადაწყვეტილება ჯერჯერობით არავის გაუსაჩივრებია. თუმცა, ერთი შეხედვით, კიევმა თავისი ნაბიჯი ლეგიტიმური საფუძვლით ახსნა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, უკრაინის ხელისუფლების ქმედება თავისი სულისკვეთებით პოლიტიკურია, რადგან ნაბიჯი გადაგმულია სწორედ ხელისუფლებისთვის ხელსაყრელ დროს, თანაც პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ.

ბევრი ფული თუ გაქვს, მაინც ვერ გადაადგილდები?

გააჩნია აპატრიდობის დროს სად ხარ და სად გინდა წასვლა. სპეციალისტების თქმით, დოკუმენტის გარეშე ან ყალბი საბუთებით გადაადგილება ისეთ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სამართლებრივად ყველაფერი წესრიგში არ აქვთ და ერთმანეთთან ხმელეთი აკავშირებთ, თეორიულად კიდევ შესაძლებელია. მაგრამ მოქალაქეობის არმქონე პირისთვის, არათუ ამერიკის კონტინენტიდან ევროპისკენ, არამედ აშშ-ის ტერიტორიის შიგნით გადაადგილებაც კი ამ ქვეყანაში მოქმედი წესრიგისა უსაფრთხოების პირობებში, წარმოუდგენელია მანამ, სანამ, სულ ცოტა, დევნილის სტატუსს არ მიიღებს.

კომენტარები ()

სხვა თემები