03 აგვისტო 2017 - 22:58

კახა კალაძემ თქვა, რომ “ხრუშჩოვკებს” თანამედროვე სახლებით შეცვლის. ეს რეალურია?

30 ივლისს, თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა კახა კალაძემ თავის საარჩევნო გზავნილებს დედაქალაქში “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების გეგმა დაუმატა. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ პროექტს მალე დედაქალაქის მოსახლეობასაც წარუდგენს.

“ხრუშჩოვკები” საიდან გაჩნდა?

საქართველოში “ხრუშჩოვკების” მშენებლობის ბუმი მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებს ემთხვევა. მასშტაბური მშენებლობა საბჭოთა კავშირის პროექტის ნაწილი იყო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სსრკ სერიოზული საბინაო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. სახლების მშენებლობა ინდუსტრიალიზაციის პროცესს და წარმოების განვითარებას 1930-იან წლებშიც ჩამორჩებოდა. ომის დროს კი სსრკ-ის საცხოვრებელი სახლების თითქმის მესამედი განადგურდა. მაგალითად, 1950-იან წლებში ხუთმილიონიანი მოსკოვის მცხოვრებლების ნახევარზე მეტი კომუნალურ ბინებში ან ბარაკებში ცხოვრობდა.

ამ პირობებში, ერთადერთი გამოსავალი ერთიანი, იაფი და სწრაფი მშენებლობა იყო. ასეთი სახლების პირველი სერია, სინამდვილეში, სტალინის სახელს უკავშირდება, მაგრამ ერთიანი საცხოვრებლის მასობრივი დანერგვა ხელისუფლებაში ნიკიტა ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ დაიწყო. 1954 წელს მან მოსთხოვა არქიტექტორებს, საბინაო კრიზისი მიკრორაიონებად გაერთიანებული მარტივი და იაფი სახლების მშენებლობით გადაეწყვიტათ.
ახალი საცხოვრებელი არა არქიტექტურული ნიმუში, არამედ წარმოების პროდუქტი უნდა ყოფილიყო. მცირე ექსპერიმენტების შემდეგ, ყველაზე იაფბიუჯეტიანი К-7-ის სერია აღმოჩნდა, ამიტომ მასობრივად სწორედ ამ სერიის მშენებლობა დაიწყო.

სწრაფი და იაფი, ანუ უხარისხო?

ხრუშჩოვკების მთავარი პრობლემები იმ აუცილებლობიდან გამომდინარეობდა, რომ ის სწრაფად და იაფად უნდა აეშენებინათ. აივნები და სარდაფები ზედმეტ ხარჯს მოითხოვდა, ამიტომ К-7-ის სერიიდან ისინი ამოიღეს. ლიფტებზე უარმა ბიუჯეტის 8% დაზოგა, ამიტომ მათზეც უარი თქვეს, იმავდროულად შენობის სიმაღლე ხუთ სართულამდე გაიზარდა (მანამდე ოთხსართულიანი იყო), ჭერის სიმაღლე კი 270 სმ-დან 250 სმ-მდე შემცირდა. საბჭოთა ბინების მოცულობა და განლაგება დაპროექტებული იყო იმ გათვლით, რომ ერთ ბინაში ერთი ოჯახი იცხოვრებდა (ერთ ადამიანზე - 8 კვ.მ). ერთ ოთახს უნდა შეესრულებინა დღისით სასადილოს, ღამით კი საძინებლის ფუნქცია.

მარტივი კონსტრუქციის გამო, “ხუთსართულიანების” პანელებისგან აწყობა 15 დღეში და ზოგჯერ ერთ კვირაშიც სრულდებოდა, შიდა მოპირკეთებას ერთი თვე სჭირდებოდა. საბჭოთა სამშენებლო მასალების ხარისხიც ტრადიციულად არ ვარგოდა, რის გამოც მობინადრეებს აწუხებდათ სუსტი თბო- და ხმოვანი იზოლაციის პრობლემები. ეს ხარვეზები ნაწილობრივ სერიის წარმოების ციკლის ათი წლის თავზე გამოსწორდა.     

ამ ხარვეზების მიუხედავად, სოფლებიდან, ბარაკებიდან და კომუნალური ბინებიდან “ხრუშჩოვკებში” გადასულ ადამიანებს გაუჩნდათ პრივატული სივრცე, ხოლო სსრკ-მ საბინაო კრიზისი გადაჭრა. ხრუშჩოვის მმართველობის ბოლოს, ახალ ბინებში საცხოვრებლად გადასული იყო 54 მილიონი ადამიანი, კიდევ ხუთი წლის შემდეგ - 127 მილიონი და 1961 წლისთვის ქალაქის მოსახლეობამ სოფლისას გადააჭარბა.

“ხრუშჩოვკები” საბჭოთა ფენომენია?

ხუთსართულიანი მიკრორაიონები - ყოფილი სოციალისტური ქვეყნების სავიზიტო ბარათია, თუმცა სინამდვილეში მიკრორაიონების მასობრივი მშენებლობა 1960-70-იანი წლების ევროპისთვისაც დამახასიათებელია, რადგან ომისშემდგომი საბინაო კრიზისი მთელ კონტინენტს აწუხებდა. მაგალითად, ვიდრე აღმოსავლეთ ბერლინში კარკასულ-პანელური შენობებისგან მარცანის რაიონს აშენებდნენ, კედლის მეორე მხარეს ანალოგიური გროპიუსშტადტი შენდებოდა. ხოლო შვედეთის სოციალური საცხოვრებლის მშენებლობის “მილიონიანი პროგრამის” გარეშე არ იქნებოდა IKEA-ს ბუმი, რომელიც ახალმშენებლობებში პატარა ბინებისთვის კომპაქტურ ავეჯს ყიდდა.    

უცხოური მიკრორაიონების ყველაზე ნეგატიური მაგალითი - პარიზში, მარსელსა და სხვა მსხვილ ქალაქებში ფრანგული “დიდი ანსამბლებია”. პირველ ასეთ ფრანგულ რაიონებს არ ჰყოფნიდა ინფრასტრუქტურა, იმავდროულად ისინი ცენტრისგან ძალიან შორს იყო. ამ ყველაფერმა პარიზის გარეუბნების დეინდუსტრიალიზაციასთან და მიგრანტების ნაკადთან ერთად 1980-იანი წლების სოციალური კრიზისი გამოიწვია: ბევრი “დიდი ანსამბლი” ღარიბ ეთნიკურ გეტოებად გადაიქცა.

ყველა „ხრუშჩოვკა“ ერთნაირია?

საბჭოთა მიკრორაიონები, მათ შორის თბილისშიც, სულ ასეთი კარკასულ-პანელური მრავალსართულიანი სახლებისგან შედგება, თუმცა თავად ხრუშჩოვკების ხანა მალე დასრულდა: ხუთსართულიან კორპუსებზე უარი 1960-იანი წლების ბოლოს თქვეს, და დაიწყო 8, 14, 16-სართულიანი სახლების მშენებლობა.

სსრკ-ში ათობით სხვადასხვა ტიპის კორპუსი დაპროექტდა. მათ დაემატა ნაგვის ბუნკერები, ლიფტები, გაიზარდა ჭერის სიმაღლე და ბინების ზომა, გაუმჯობესდა დაგეგმარება. თუმცა მშენებელობის დაბალი ხარისხი არ შეცვლილა, რასაც ათწლეულების განმავლობაში სახლების ცუდი ექსპლუატაციაც დაემატა.

თბილისში რამდენი „ხრუშჩოვკაა“?

ახალი სტატისტიკა “ხრუშჩოვკების” რაოდენობაზე დედაქალაქში არ არსებობს. ის არ აქვს არც თბილისის მერიას და არც დედაქალაქის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს. არსებობს მხოლოდ 2003-2004 წლის მონაცემები, რომელიც, სავარაუდოდ, არც შეცვლილა და ამ მონაცემების თანახმად, კლასიკური “ხუთსართულიანების” რაოდენობა თბილისში დაახლოებით 512-ია. ამ სახლებში სულ 12 000-მდე ოჯახი ცხოვრობს. ”ხრუშჩოვკების” უმრავლესობა საბურთალოზე (ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ქავთარაძის ქუჩის ტერიტორია), კრწანისის რაიონში, ნავთლუღსა და დიღმის მასივშია განთავსებული.

მართალია, რომ მათ ექსპლუატაციის ვადა აშენებიდან 25 წელიწადში გაუვიდათ?

1950-იან წლებში “ხრუშჩოვკები” განიხილებოდა, როგორც დროებითი საცხოვრებელი, რომელიც საბჭოთა მოქალაქეებს 1980 წლისთვის კომუნიზმის აშენების შესაძლებლობას მისცემდა. ხოლო კომუნიზმის პირობებში, საბჭოთა ხალხი საკუთარ თავს ბევრად უკეთესი ბინებით უზრუნველყოფდა. ამის გამო, გავრცელებულია არასწორი მოსაზრება, თითქოს “ხრუშჩოვკებს” 25-წლიანი ექსპლუატაციის ვადა ჰქონდა, რის შემდეგაც დაანგრევდნენ. სინამდვილეში, ნორმალური ექსპლუატაციისა და დროული კაპიტალური რემონტის შემთხვევაში, ასეთი სახლები საუკუნეზე მეტ დროს გაუძლებენ.

მაშინ მოსკოვში რატომ ანგრევენ?

აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში კარკასულ-პანელურ შენობებს კი არ ანგრევენ, არამედ აახლებენ, განსხვავებით რუსეთის დედაქალაქისგან, სადაც ხუთსართულიანების რენოვაციის პროგრამა 1999 წელს დაიწყო. გეგმის მიხედვით 1722 ხრუშჩოვკა უნდა დაენერგიათ. პროექტი ნაწილობრივ განხორციელდა და 17 წლის შემდეგ მოსკოვის მაშინდელი მერის იური ლუჟკოვის ინიციტივას არა მოსკოველებზე ზრუნვით, არამედ პოლიტიკური ამბიციებით და სამშენებლო ბიზნესინტერესებით ხსნიან, რადგან გამწვანებული მიკრორაიონების ადგილზე არა თანამედროვე ურბანული გარემო, არამედ მაღალსართულიანი პარკირებიანი კორპუსები გაჩნდა.    

თებერვალში, ხრუშჩოვკების დანგრევის ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გასცა და მათ ადგილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენება მოითხოვა. პუტინის და მოსკოვის მერის, სობიაინის ამ ინიციატივას რუსეთის დედაქალაქში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა, თუმცა ხელისუფლებამ გეგმა დაამტკიცა და პროცესის დასრულებას 2017-2018 წლებში იმედოვნებს.

კალაძის ინიციატივა “ხრუშჩოვკების” დანგრევას გულისხმობს?

დაზუსტებით არ ვიცით. თბილისის მერობის კანდიდატს “ხრუშჩოვკებთან” დაკავშირებული პროექტი ჯერ არ წარმოუდგენია, თუმცა აქამდე გაკეთებულ საჯარო გამოსვლებში ის “ხუთსართულიანების” თანამედროვე საცხოვრებლით ჩანაცვლების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

სპეციალისტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა პროგრამის შესრულების ვადებთან და ღირებულებასთან დაკავშირებით. ასევე, რაც მთავარია, ჯერ არ არის დასახელებული ამ პროგრამის დაფინანასების წყაროები.     

თბილისის “ხრუშჩოვკების“ განახლების თემა ახალი არ არის. ამ საკითხს დედაქალაქის საკრებულოში ბოლოს 2014 წელსაც განიხილავდნენ და ინვესტორების მოძიებაზეც ლაპარაკობდნენ. თუმცა პროცესი განხილვის დაწყებიდან მალევე შეწყდა.

კომენტარები ()

სხვა თემები