04 აგვისტო 2017 - 15:19

ტრამპს Green Card-ის გაუქმება უნდა. ეს მნიშვნელოვანია?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ორმა რესპუბლიკელმა სენატორმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც ამკაცრებს მიგრაციულ კანონმდებლობას. ლაპარაკია ზოგადად მიგრანტების რაოდენობის ორჯერ შემცირებაზე, კერძოდ კი პროგრამის “ვიზები სხვადასხვა ეროვნების უცხოელებისთვის” გაუქმებაზე. პროგრამა ყოველწლიური ლატარიაა, რომლითაც შეიძლება აშშ-ში ცხოვრების უფლების, ეგრეთ წოდებული “მწვანე ბარათის” (Green Card) მიღება.

“მწვანე ბარათი” რა ლატარიაა?

1990 წლიდან, აშშ-ში მოქმედებს პროგრამა, რომლითაც უცხოელებს შემთხვევითობის პრინციპით ურიგებენ 50 ათას “ცხოვრების უფლებას” (კიდევ 5 ათასს ყოველწლიურად გამოყოფენ ცენტრალური ამერიკის ქვეყნებისთვის). ლატარიაში მონაწილეობა უფასოა და განცხადების შევსება ყოველ წელს შეიძლება.

ესე იგი აშშ-ში ყველას იღებენ?

არა. პირველ რიგში, არსებობს შეზღუდვა ქვეყნების მიხედვით. ყოველ წელს, ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო აკვირდება, რამდენი მიგრანტი შევიდა აშშ-ში ამა თუ იმ ქვეყნიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში. თუკი ციფრი 50 ათას ადამიანს აჭარბებს (ლაპარაკია ნებისმიერ მიგრანტზე და არამხოლოდ ლატარიაში გამარჯვებულებზე), ის ქვეყანა გათამაშებიდან ვარდება.

2018 წლის ლატარიიდან გარიცხეს ბანგლადეში, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი (ჰონ-კონგის გარეშე, მაკაო და ტაივანი), კოლუმბია, დომინიკა, სალვადორი, ჰაიტი, ინდოეთი, იამაიკა, მექსიკა, ნიგერია, პაკისტანი, პერუ, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი და დამოუკიდებული ტერიტორიები (ჩრდილოეთ ირლანდიის გარეშე) და ვიეტნამი.

საქართველო ამ სიიდან არასდროს გაურიცხავთ. ამ შეზღუდვისთვის გვერდის ავლა შეიძლება, თუ განმცხადებლის ცოლი ან ქმარი ან მშობლები დაიბადნენ სხვა ქვეყანაში, რომელზეც იმ წელს შეზღუდვა არ ვრცელდება.

კიდევ რა მოთხოვნები არსებობს კანდიდატების მიმართ?

ერთადერთი დამატებითი მოთხოვნა - მინიმალური შრომითი უნარების ჩვენებაა. ამისთვის, საჭიროა სკოლის ატესტატის ან ორწლიან სამუშაო გამოცდილებაზე ცნობის ჩვენებაა. მეტი არაფერი. დეტალურად პირობების ნახვა ქართულ ენაზე აქ შეგიძლიათ. განცხადებები ოქტომბრის განმავლობაში მიიღება და სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ გვერდზე ფორმდება.

გამარჯვებულებს როგორ ირჩევენ?

ამას კომპიუტერი აკეთებს, შეთხვევითი შერჩევის პრინციპით. მაგრამ ქვეყნის და რეგიონის ფარგლებში ხელმისაწვდომი ვიზების რაოდენობაზე შეზღუდვები არსებობს. პირველ რიგში, 7%-ზე (3,5 ათასი) მეტი “მწვანე ბარათის” მიღება არცერთ ქვეყანას არ შეუძლია.

კვოტების ყოველწლიური განაწილებისთვის მსოფლიო ექვს რეგიონად იყოფა. თუ რეგიონმა ბოლო 5 წლის განამავლობაში “მწვანე ბარათების” მთელი რაოდენობის ⅙-ზე მეტი წილი მიიღო (ახლა ეს ლათინური ამერიკა და აზიაა), ის პრიორიტებში დაბლა ინაცვლებს. სხვა რეგიონები (ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა, აფრიკა და ოკეანეთი) პრიორიტეტებში წინაურდებიან.

ბევრი ქართველი აკეთებს განაცხადს ლატარიაზე?

ბოლო წლების მონაცემებით, ყოველწლიურად გათამაშებაში საშუალოდ 15 000-დან 25 000-მდე საქართველოს მოქალაქე მონაწილეობს და შეერთებულ შტატებში ცხოვრების და მუშაობის უფლებას საშუალოდ 600 ერთეული მოქალაქე იგებს. აქ არ იგულისხმება მათი ოჯახის ის წევრები, რომლთაც ასევე ენიჭებათ იმიგრაციის უფლება. მოგების ალბათობა პერიოდულად იცვლება. მაგალითად, 2009 წელს 16197 ადამიანიდან "მწვანე ბარათი" 516-მა მოიგო. 2012 წლის გათამაშებაში კი 23024 ადამიანიდან 618-ს გაუმართლა. 2015 წლის მონაცემებით, ე.წ. მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა საქართველოს 24 916-მა მოქალაქემ მიიღო, გამარჯვება კი მხოლოდ 804-მა მოიპოვა.

ლატარიის მოგება ნიშნავს, რომ აშშ-ის მოქალაქე გავხდები?

არა. გამარჯვებული განაცხადების ნახევარზე მეტის გაცხრილვა ვიზის გაფორმების სტადიაზე ხდება. მაგალითად, 2015 წელს შეარჩიეს 125 ათას გამარჯვებულზე მეტი, მაგრამ ვიზები მათგან მხოლოდ დაახლოებით 50 ათასმა მიიღო. უარის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს: თაღლითობიდან დაწყებული კანონის დარღვევით დამთავრებული.

“მწვანე ბარათის” წარმატებით მიღების შემდეგ აშშ-ის მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანა ქვეყანაში 5-წლიანი ცხოვრების შემდეგ შეიძლება (3-წლიანის, თუ მეუღლე ამერიკელია). თუ ადამიანი დანაშაულს ჩადის ან აშშ-ის ტოვებს ერთ წელიწადზე მეტ ხანს, ცხოვრების უფლება ანულირდება.

"მწვანე ბარათის" მიღება ლატარიის გარეშეც ხომ შეიძლება?

დიახ. ლატარია ყველაზე პოპულარული გზა არ არის. 2016 წელს ლატარიის გამარჯვებულებმა მიგრანტების მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 7% შეადგინეს. "მწვანე ბარათის" მიღების ყველაზე პოპულარულ გზად დღემდე რჩება აშშ-ის მოქალაქეებთან ნათესაური კავშირები (ყველა იმიგრანტული ვიზის ნახევარი) ან მათთან, ვისაც უკვე აქვს იქ ცხოვრების უფლება (კიდევ მესამედი). სამუშაო ვიზებს მიგრანტების მხოლოდ 4% იღებს.

საერთოდ რა საჭიროა ცხოვრების უფლების ლატარიით გაცემა?

ლატარია მიგრაციული ნაკადების გათანაბრებისთვის შემოიღეს. ომისშემდგომმა კანონმდებლობამ საშულება მისცა წარმოშობით აზიელებს და ლათინოსებს მასობრივად ჩაეყვანათ ნათესავები აშშ-ში. 1980-იანი წლების ბოლოს ევროპელების მხარდასაჭერად მოიფიქრეს ლატარია, რომლიდანაც უმალ რიცხავდნენ იმ ქვეყნებს, საიდანაც ისედაც ბევრი მიგრანტი ჩადიოდა.

“მწვანე ბარათის” გაუქმებაზე კანონს მიიღებენ?

ჯერ ამის თქმა რთულია. მიგრაციის შეზღუდვა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, მაგრამ რესპუბლიკელების უმრავლსობაც კი სენატში მისი საკანონმდებლო ინიციატივების წარმატების გარანტი არ არის. მაგალითად, კანონპროექტი ობამას ჯანდაცვის რეფორმის (Obamacare) გაუქმებაზე, ჩავარდა. მას მხარი რესპუბლიკელებმაც არ დაუჭირეს.

კომენტარები ()

სხვა თემები