06 აგვისტო 2017 - 23:46

მთელი დღე Facebook-ში ხართ? თქვენ შეიძლება ახალი სინდრომი გქონდეთ

ბევრისთვის ნაცნობია შეგრძნება, როდესაც გგონია, რომ შენ ირგვლივ ყველა ერთობა, დადის გამოფენებზე, ლექციებზე, სტუმრად, სპორტარბაზებში; რომ ბევრს სეირნობენ და ასწრებენ ყველა ახალი სერიალის ნახვას; მათი საუზმეც კი "ინსტაგრამზე" თქვენსაზე უფრო საინტერესოდ გამოიყურება, და გრჩება შთაბეჭდილება, რომ შენ გარდა ყველას ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს. თუ თქვენ შფოთავთ, თავს არარაობად მიიჩნევთ, ხოლო პრეტენზიებს იწყებთ ფრაზით "ყველა, ჩემ გარდა", ეს შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს იმას, რომ რამე გაკლიათ, არამედ ხელიდან გაშვებული სარგებლის სინდრომი გაქვთ.

ხელიდან გაშვებული სარგებლის სინდრომი რა არის?

ინგლისურად მას FOMO (fear of missing out) ეწოდება, რაც რაღაცის გამოტოვების ან ხელიდან გაშვების შიშს ნიშნავს. ეს არის აკვიატებული შეგრძნება, როდესაც გგონია, რომ სხვებზე ნაკლებად სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობ, ვერაფერს ასწრებ და ყველაფერი საინტერესო ხდება იქ, სადაც არ ხარ. რაც უფრო ძლიერია ეს შეგრძნება, მით უფრო დიდია სურვილი გაიგოთ, გრძნობენ თუ არა სხვებიც იგივეს.

FOMO? პირველად მესმის

დიახ, ეს ახალი მოვლენაა, სინამდვილეში კი მოთხოვნილება "იყო საქმის კურსში", ფსიქოლოგების მტკიცებით არც ისე ახალია, რადგან ოდესღაც ის თვითგადარჩენაში გვეხმარებოდა. უშაულოდ სინდრომის შესახებ იმ მყიდველების მაგალითზე ალაპარაკდნენ, რომლებიც განუსაზღვრელი არჩევანის წინ აღმოჩნდნენ. აბრევიატურა FOMO ოქსფორდის ლექსიკონიის ელექტორნულ ვერსიაში 2013 წელს გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი ახალია, სინდრომი უკვე საკმარისად არის შესწავლილი. 2013 წელს ესექსისა და კალიფორნიის უნივერისტეტებმა მთელი რიგი კვლევები ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ სინდრომი პირდაპირ კავშირშია არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილებასთან, არამედ სოციალური ქსელების აქტიურ გამოყენებასთანაც.

ეს იმიტომ, რომ სხვების ცხოვრებაზე უფრო მეტს ვიგებთ?

ასეც ვერ ვიტყვით. სოციალურ ქსელებში ნამდვილად ვხედავთ იმას, თუ როგორ ცხოვრობენ სხვები. გვგონია, რომ Facebook-მა, Twitter-მა და Instagram-მა უცხო ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად გაასაჯაროვა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სოცქსელებში ადამიანები ცდილობენ საკუთარი თავის "უკეთესი ვერსიის" წარმოჩენას. ტერმინიც კი გაჩნდა Facebook Self (ფეისბუქ პერსონა). ჩვენ ვაქვეყნებთ არამხოლოდ ჩვენ საუკეთესო ფოტოებს, არამედ ვაზიარებთ "სწორ" ბმულებს და "ვინიშნებით" (Check in, Tag) ისეთ ადგილებში, სადაც "საჭიროა".

ასე რომ სოცქსელები რეალობას არცთუ სრულად ასახავს. ამას თითქოს ყველა ხვდება, თუმცა შედარებებისგან თავს მაინც ვერ იკავებენ. თვალწინ იმდენი კაშკაშა მაგალითია, რომ ჩვენი ცხოვრება მაინც ნაკლებად საინტერესოდ გვეჩვენება.

ამას შური არ ჰქვია?

საბაზისო დონეზე - კი. შური ხომ სხვების წარმატებით გამოწვეული გულისწყრომა და გაღიზიანებაა. ხელიდან გაშვებული სარგებლის სინდრომის შემთხვევაში კი ამას ემატება განცდა, რომ შეგიძლიათ "უკეთესი ცხოვრების" ნაწილი გახდეთ თუ სოცქსელებიდან არ გახვალთ. იმავდროულად, მეგობრების "თაიმლაინიდან" მიღებულმა ინფორმაციამ შეიძლება გაგიჩინოთ როგორც თანამონაწილეობის, ასევე იზოლაციის და მარტოობის განცდაც. მკვლევრები ამბობენ, რომ შეგრძნება შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს, თუ თქვენ მხოლოდ თაიმლაინის თვალიერებით შემოფარგლებით და მოვლენებში კომენტარების წერითაც კი არ მონაწილეობთ.

Facebook-ში ყველაა. როგორ გავიგო, რომ სინდრომი მაინცდამაინც მე მაქვს?

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გავლენას ახდენენ სოცქსელები თქვენ ცხოვრებაზე. ცუდია, თუ Facebook-ის ან Instagram-ის შემოწმების სურვილი აკვიტების დონეზე გაქვთ, განერვიულებთ და ხასიათს გიფუჭებთ. ადამიანს, რომელსაც ხელიდან გაშვებული სარგებლის სინდრომი აქვს, არ ასვენებს ირაციონალური შიში, რომ თუ ის კომპიუტერს და ტელეფონს გათიშავს, აუცილებლად მოხდება რაღაც მნიშვნელოვანი, რასაც ის გამოტოვებს და შესაბამისად, ცხოვრებაშიც რაღაც მნიშველოვანს დაკარგავს.

ამ სინდრომის კიდევ ერთი სიმპტომია ეგრეთ წოდებული "ფაბინგი" (Phubbing) - ჩვევა, როდესაც ადამიანი მუდმივად ტელეფონის ან ტაბლეტის ეკრანს უყურებს სადაც არ უნდა იყოს, მათ შორის საჭესთან თუ პაემანზე.

მსგავსი პრობლემა ბევრს აქვს?

სავარაუდოდ, კი. თუმცა ზუსტი მონაცემები ჯერ არ არსებობს. MyLife-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული სინდრომი სხვადასხვა დოზით გამოკითხულთა 56% აღმოაჩნდა: სოციალური ქსელების მომხმარებლებმა აღიარეს, რომ off line-ის რეჟიმზე გადასვლა აშინებდათ, რადგან მნიშვნელოვანი მოვლენებს, სიახლეებს და საინტერესო პოსტებს გამოტოვებდნენ.

კიდევ ერთი კვლევის თანახმად, გაშვებული სარგებლის სინდრომი ქალებზე მეტად კაცებს ახასიათებთ, მაგრამ სხვაობა მცირეა.

ანუ ეს დაავადებაა?

არა, რადგან უხეშად თუ ვიტყვით, მდგომარეობას ან დაავადებას ფსიქიკური აშლილობა რომ ეწოდოს, დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციაში "ფსიქიკური აშლილობების" ჩამონათვალში უნდა იყოს. ხელიდან გაშვებული სარგებლის სინდრომი ამ სიაში არ არის, თუმცა იმავდროულად ის შეიძლება მთელ რიგ აშლილობებს შევადაროთ. მაგალითად, ობსესიურ კომპულსიურ ან დეპრესიულ აშლილობას. თუმცა მსგავსი დიაგნოზების დასმა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.

რა უნდა მოვუხერხოთ ამას?

თუ ფიქრობთ, რომ პრობლემა გაქვთ, უნდა მოაგვაროთ. ამ სინდრომის მქონე ადამიანების უმრავლესობას ჰგონია, რომ ეს წვრილმანია და თანამედროვე კულტურის გარდაუვალი ნაწილია. ამის გამო პრობლემის მოგვარებაზე არც ფიქრობენ. რა თქმა უნდა, თუ თქვენ უბრალოდ განიცდით, რომ სოცქსელებში ფუჭ აქტივობაზე ბევრ დროს კარგავთ, ამასთან გამკლავება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ. მაგალითად, წაშალეთ აპლიკაცია მობილური ტელეფონიდან, უფრო მეტი იფიქრეთ თქვენს ღირსებებსა და ინტერესებზე, და მიიღეთ როგორც ფაქტი ის, რომ არ ხართ ვალდებული ყველაფერი მოასწროთ.

მაგრამ თუ ეს არ გშველით და მიგაჩნიათ, რომ უკონტროლოდ ამოწმებთ სოციალურ ქსელებს, გრნობთ შფოთს და პანიკას თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოცქსელებზე წვდომა არ გაქვთ, მაშინ თერაპიაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ. უმეტეს შემთხვევებში ფსიქოლოგის ან ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია საკმარისია. თუ თქვენი მდგომარეობა რთულდება და აუტანელიც ხდება, მაშინ ფსიქიატრს მიმართეთ, რომელიც შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ.

კომენტარები ()

სხვა თემები