07 აგვისტო 2017 - 21:13

ბავშვებს შეიძლება ხელით წერა აღარ ასწავლონ. ეს ნორმალურია?

ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებში ბევრს კამათობენ იმაზე, უნდა ასწავლონ თუ არა ბავშვებს ხელით წერა და საკმარისი იქნება თუ არა მათთვის მხოლოდ ასოების ბეჭდვის ცოდნა. კლავიატურის გამოყენებას მათ ყველა შემთხვევაში ასწავლიან. მაგალითად, აშშ-ში ერთიანი პოლიტიკა არ არსებობს და ბავშვებისთვის ხელით წერის სწავლება სავალდებულო არ არის. ფინეთში ხელით წერას მხოლოდ ერთი წელი ასწავლიან, დანარჩენ დროს ამას განსაკუთრებული ყურადღება არ ეთმობა.  

ეს კარგია?

დაზუსტებით არ ვიცით. ადამიანები ხელით ნაკლებს წერენ მას შემდეგ, რაც კომპიუტერები, პლანშეტები და სმარტფონები გაჩნდა. ხელით წერის სწავლაზე უფრო იოლი ასოების ბეჭდვის სწავლაა. ამიტომ ჩნდება კითხვა, ღირს კი დროის დაკარგვა წერის სწავლაზე მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორ წერს ბავშვი, არამედ ის, თუ რას წერს.

არსებობს მოსაზრება, რომ ხელით წერას თავისი მინუსები აქვს. მაგალითად, მასწავლებლები ბავშვებს განსხვავებულ ნიშნებს უწერენ ერთნაირად შესრულებულ დავალებებში - თუ ერთი დაწერელია არააკურატულად, ხოლო მეორე მკაფიო და გასაგები კალიგრაფიით. ანუ წერის ინდივიდუალური მახასიათებლები ნიშანზე შინაარსისგან დამოუკიდებლად აისახება. არადა, როგორც ცნობილია, ბევრი დიდი მწერალი აკურატული კალიგრაფიით სულაც არ გამოირჩეოდა.

ხელით წერის სწავლების მომხრეებს რა არგუმენტები აქვთ?

მათი ნაწილის არგუმენტები ქაღალდის წიგნების მომხმარებელთა არგუმენტებს ჰგავს. ამ არგუმენტებში გრძნობები უფრო მეტია, ვიდრე სამეცნიერო მონაცემები. არის ემოციური შეფასებები, როგორებიცაა: “ბავშვი ვერ წაიკითხავს სხვენში ნაპოვნ ბებიის წერილს” ან “ხელწერა და ხელმოწერა - თვითგამოხატვის საშუალებაა” ან “ტექსტს ეს ემოციას ჰმატებს”.

თუმცა, მათ სასარგებლოდაც გარკვეული კვლევები არსებობს, უბრალოდ ისინი არასაკმარისია. მაგალითად, ფსიქოლოგების ნაწილს მიაჩნია, რომ ხელით წერა სასარგებლო უნარია როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვისაც. ისინი კომპიუტერების და პლანშეტების გადაყრისკენ არავინ მოუწოდებენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ რაც უფრო ხშირად ვწერთ ხელით, მით უფრო სწრაფად ვაზროვნებთ და უკეთ ვლაპარაკობთ.

გარკვეული ექსპერიმენტების საფუძველზე ისინი ამტკიცებენ, რომ ხელით წერისას:

- უკეთ ვიმახსოვრებთ ინფორმაციას. კერძოდ, წერის დროს ამოქმედებულია ტვინის განსაკუთრებული ზონა, ეგრეთ წოდებული აქტივირებადი რეტიკულარული სისტემა. ის ფილტრის როლს ასრულებს, ანუ ბლოკავს უცხო ინფორმაციის დამუშავებას. ქაღალდზე კალმით ან ფანქრით ასოების გამოყვანის დროს, ჩვენ კონცენტრირებული ვართ და ვაიძულებთ ტვინს ყურადღებით იყოს იმის მიმართ, რასაც ვწერთ. კალმით წერის დროს, ჩვენ ყველა ასოს გამოყვანისას სხვადასხვა მოძრაობას ვაკეთებთ, ანუ მეტს ვმოძრაობთ, ხოლო კლავიატურაზე მუშაობა მონოტონურია და მხოლოდ თითის დაჭერაა საჭირო; 

- წერაში ვარჯიში ადამიანებს დისლექსიასთან გამკლავებაში და მეტყველების გაუმჯობესებაში ეხმარება;

იოლად ვახერხებთ კონცენტრაციას. კომპიუტერთან მუშაობა ჩვენს სენსორულ სისტემას ღლის. ეკრანის ციმციმი, კურსორის მოძრაობა, ერთი თითის დაჭერით ნებისმიერ ინფორმაციაზე წვდომა - ეს ყველაფერი ადუნებს შემოქმედებით უნარს. როდესაც ჩვენ წინ, მხოლოდ ფურცელი და კალამია, ტვინი დამატებითი სტიმულაციისგან თავისუფალია და თავის რესურსებს კონკრეტული ამოცანისკენ მიმართავს; 

ვიხსნით სტრესს. ფსიქოთერაპევტების ნაწილს მიაჩნია, რომ ფურცელზე საკუთარი განცდების გადატანა, მათ შორის დღიურების წერა, თვითგამოხატვის და შემოქმედებითი ენერგიის დამატებითი წყაროა;

- ტვინი დიდხანს არ ბერდება. წერის დროს ჩვენ ტვინის სხვადასხვა ზონებს ვამუშავებთ, რომლებიც დაკავშირებულია აზროვნებასთან, ენასთან და სამუშაო მეხსირებასთან. თუკი დროდადრო ხელით ვწერთ, ამით ტვინს დამატებით ვავარჯიშებთ. ფსიქოლოგების თქმით, კოგნიტური უნარები და წერის ჩვევა ერთმანეთთან კავშირშია. კერძოდ, კომპიუტერზე დაბეჭდილ ტექსტებს და ფურცელზე დაწერილს შორის აზრის ფორმულირების თვალსაზრისით აშკარა სხვაობაა.

ესე იგი ხელით წერა ბავშვს ავითარებს?

შესაძლებელია, მაგრამ იმასაც ვერავინ ამტკიცებს, რომ უფრო იოლი ვარიანტი - ბეჭდვა - ბავშვს განვითარებაში ხელს უშლის და ხელით წერაზე უარესია. ამ საკითხისადმი მიძღვნილ კვლევებში ძალიან ცოტა ადამიანი მონაწილეობდა და შედეგებიც ერთმნიშვნელოვანი არ არის. თუმცა, როგორც ჩანს, ბავშვისთვის, რომელიც ხელით წერას სწავლობს, უფრო იოლია სხვადასხვა ასოს გარჩევა და კითხვა. სავარაუდოდ, ბავშვი ასე უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ასოების ფორმას და ცნობს მათ თავის არაიდეალურ ნაწერებშიც. რაც შეეხება მცირე მოტორიკას, მის განვითარებას მხოლოდ ხელით წერა არ ეხმარება.  

უფროსებმა ზოგჯერ მაინც ხელით არ უნდა წერონ?

ერთ-ერთმა პატარა კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტები, რომლებიც ლექციებს ქაღალდზე იწერდნენ, უკეთ აღიქვამდნენ საეთო სურათს, ვიდრე ისინი, რომლებიც ბეჭდავდნენ. რადგან ბეჭდვა უფრო სწრაფი პროცესია, ვიდრე ხელით წერა, ამიტომ, როგორც ჩანს ნოუთბუქების მომხმარებლები ლექციებში მთავარის დანახვას არ ცდილობდნენ. რაიმე სერიოზული კვლევის საფუძველზე, ზრდასრული ადამიანებისთვის კალმის და ფურცლის გამოყენების სხვა უპირატესოებების შესახებ, მეცნიერებისთვის უცნობია.

კომენტარები ()

სხვა თემები