09 აგვისტო 2017 - 23:50

რით განსხვავდებიან 21-ე საუკუნის მოზარდები 1980-იანი და 1990-იანი წლების თინეიჯერებისგან?

ჟურნალმა The Atlantic-მა ამერიკელი ფსიქოლოგის ჯინ თუენგის (Jean M. Twenge) წიგნის ფრაგმენტი გამოაქვეყნა. ნაშრომი ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლოეს მომავალში გამოვა. ფსიქოლოგი ამერიკელი მოზარდების მაგალითზე 25 წლის განმავლობაში სწავლობდა თაობების მახასიათებლებს და აღმოაჩინა, რომ ასეთი მკვეთრი სხვაობა თანამედროვე მოზარდებს და წინა ათწლეულებში მცხოვრებ მათ თანატოლებს შორის არასდროს ყოფილა. ფსიქოლოგმა 21-ე საუკუნის მოზარდების თაობას iGen-ი (აი-თაობა) შეარქვა.

საქმე მობილურ მოწყობილობებში და სოციალური ქსელებშია

ყველა ახალ თაობაზე, ტრადიციულად, ამბობენ, რომ ისინი ძველებს არ ჰგვანან და რომ მათზე უარესები, სულელები და თავხედები არიან. ბოლო დრომდე, მეცნიერები, რომლებიც თაობების საკითხს სწავლობდნენ, ასეთ შეფასებებს დიდწილად არ იზიარებდნენ ხოლმე. თუმცა, ახლა უკვე არსებობს მეცნიერული დადასტურება იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც 1995 წლიდან 2012 წლის ჩათვლით დაიბანდნენ, მართლაც საგრძნობლად განსხვავდებიან სხვა თაობებისგან.

ახალ თაობებში ახალი თვისებების გაჩენა მოსალოდნელი და ნელი პროცესია. თუმცა თანამედროვე მოზარდები აქაც გამოირჩევიან: 2012 წელს მეცნიერებმა, რომლებიც თინეიჯერებს სწავლობდნენ, მკვეთრი სხვაობები აღმოაჩინეს. დაახლოებით ამ დროს ემთხვევა პერიოდი, როდესაც სმარტფონიანი ამერიკელების რაოდენობამ 50%-ს გადააჭარბა. როგორც ჩანს, საქმე სწორედ მობილურ მოწყობილობებში და სოციალური ქსელების პოპულარობის ზრდაშია.

რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად კონტაქტობენ

The Atlantic-ის მასალიდან ირკვევა, რომ თანამედროვე მოზარდები ბევრად უფრო იშვიათად კონტაქტობენ და ხვდებიან ერთმანეთს რეალურ ცხოვრებაში, მაშინაც კი, როდესაც მათ შორის რომანტიკული ურთიერთობები იწყება. ისინი იშვიათად დადიან პაემნებზე და უპირატესობას მიმოწერასა და ქსელში კონტაქტს ანიჭებენ. მეგობრებსაც უფრო იშვიათად ხვდებიან, ვიდრე წინა თაობების მოზარდები. ბავშვები, რომლებიც ამას ყოველდღე აკეთებენ, 2000 წლიდან 2015 წლამდე 40%-ით შემცირდა. თუმცა კვლევაში ნათქვამია, რომ ეს აუცილებლად ცუდი არ არის, რადგან იშვიათი შეხვედრების წყალობით ამ თაობებში ალკოჰოლის მიღების ფაქტებიც შემცირდა. მოზარდები იშვიათად ეკონტაქტებიან მშობლებსაც. მიუხედავად ამისა, უფროსებს ეს ხელს არ უშლის ყურადღებით ადევნონ თვალი შვილებს, რაშიც მათ ასევე ციფრული ტექნოლოგიები ეხმარება.    

გვიან იწყებენ ზრდასრული ადამიანებივით ცხოვრებას

თანამედროვე მოზარდები უფროსებივით ცხოვრებას გვიან იწყებენ. მაგალითად, ისინი ბევრად უფრო გვიან იღებენ ავტომობილის მართვის მოწმობებს, ვიდრე ამას მათი თანატოლები აკეთებდნენ და უფრო იშვიათად მუშაობენ შემოსავლისთვის. გვიან იწყებენ სქესობრივ ცხოვრებასაც, რის გამოც, მაგალითად აშშ-ში მოზარდებში ფეხმძიმობის სტატისტიკა შემცირებულია.

თავს უფრო ცუდად გრძნობენ

მათ უფრო ცუდად და ცოტა ხანს სძინავთ. ძილის წინ სმარტფონის გამოყენება ადამიანს უხანგრძლივებს დროს, რომელიც მას დაძინებისთვის სჭირდება. მოზარდებს 8-10 საათის განმავლობაში უნდა ეძინოთ, როდესაც დღეს მათ საშუალოდ 7 საათს სძინავთ. ძილის დეფიციტს შეუძლია ისეთი მძიმე შედეგების გამოწვევა, როგორებიცაა ჭარბწონიანობა, მეორე ტიპის შაქრის დიაბეტი და არტერიული წნევის გაზრდა.      

თუენგის კვლევაში ნათქვამია, რომ ინტერნეტში მუდმივი კომუნიკაციის მიუხედავად, თანამედროვე მოზარდები თავს უფრო მარტოსულებად გრძნობენ, ვიდრე წინა თაობის თინეიჯერები. მეცნიერები პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ჯერ მკაფიოდ ვერ ადგენენ, მაგრამ ჩანს ტენდენცია, რომ ახალ გარემობებში გოგოებს უფრო უჭირთ, ვიდრე ბიჭებს. კერძოდ, თუ ბიჭები ურთიერთობას ძველებურად, დიდწილად ფიზიკური ძალის გამოყენებით არკვევენ, სოცქსელები გოგოების მხრიდან ერთმანეთის ჩაგვრის (ბულინგი) ხელსაყრელ სივრცედ იქცა.

კომენტარები ()

სხვა თემები