10 აგვისტო 2017 - 23:01

ჩრდილოეთ კორეა გუამის დაბომბვით იმუქრება. რატომ არის ეს ადგილი მნიშვნელოვანი აშშ-სთვის?

გუამი

2017 წლის აგვისტოში, ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან მკვეთრად გაუარესდა. ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, უშიშროების საბჭომ და გაერომ ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო. პასუხად ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებულ შტატებს ბირთვული დარტყმით დაემუქრა, დონალდ ტრამპი კი ფხენიანს "ცეცხლს და რისხვას" დაჰპირდა, რაზეც თავის მხრივ ფხენიანმა უპასუხა, რომ გუამზე სარაკეტო იერიშს მიიტანს. რატომ შეარჩია ჩრდილოეთ კორეამ სამიზნედ სწორედ გუამი და რით არის ეს ადგილი ღირებული ვაშინგტონისათვის?

რა არის გუამი?

გუამი - წყნარი ოკეანის (ოკეანია) დასავლეთ ნაწილში მდებარე დიდი კუნძულია, ის მიკრონეზიის უმსხვილესი კუნძულოვანი წარმონაქმნია, რომელზეც ადამიანები ბოლო 4 ათასი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. მე-17 საუკუნეში ის ესპანელებმა დაიპყრეს, ხოლო მე-19 საუკუნის ბოლოს, ამერიკულ-ესპანური ომის შედეგებით გუამი, კუბასთან და ფილიპინებთან ერთად აშშ-ის საკუთრება გახდა. მას შემდეგ, კუნძული, რომელზეც 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს, შეერთებული შტატების ტერიტორიაა.

1941 წელს, პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ გუამი იაპონიამ დაიკავა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-მ ეს ტერიტორია დაიბრუნა. იაპონური ოკუპაციის დროს გუამის ადგილობრივ მოსახლეობას დევნიდნენ და ანადგურებდნენ.

ყველას, ვინც გუამში იბადება, ამერიკის მოქალაქეობას ანიჭებენ, მაგრამ ისინი ვერ მონაწილეობენ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან ტერიტორია შტატი არ არის. კუნძული დაახლოებით 500 კვადრატული კილომეტრია. ის ცნობილია თავისი პლაჟებით და პოპულარულია ტურისტებში, პირველ რიგში, იაპონელ ვიზიტორებში, მაგრამ მისი შემოსავლის მთავარი წყარო - კუნძულის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ამერიკული სამხედრო ბაზაა. ფხენიანს და გუამს შორის მანძილი 3400 კილომეტრია. ის ჩრდილოეთ კორეასთან ყველაზე ახლოს მდებარე ამერიკული ტერიტორიაა.

რატომ არის გუამი მნიშვნელოვანი შეერთებული შტატებისთვის?

ჯერ კიდევ ესპანური კოლონიზაციის პერიოდიდან, გუამს, როგორც სამხედრო გემების გადასატვირთავ პუნქტს, სერიოზული სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. დღესაც ასეა: აშშ-ის გუამის ავიაბაზაზე განთავსებული აქვს ბომბდამშენები B-52, კუნძულზე არის სამხედრო საზღვაო ფლოტი და სასარდლო პუნქტი. გუამზე დაახლოებით 6 000 სამხედრო მსახურობს, ხოლო სამხედრო ბაზებს კუნძულის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი უკავია.

გუამის სამხედრო ბაზები, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ვიეტნამის ომის დროს. სწორედ აქ იყო ბაზირებული ამერიკული ავიაცია. გარდა მძიმე ბომბდამშენებისა, კუნძულზე არის ხომალდები, წყალქვეშა ნავები და სხვა საბრძოლო ერთეულები, რომლებიც წყნარ ოკეანეში კონფლიქტის შემთხვევაში, ნებისმიერ მომენტში ამოქმედდებიან. შეერთებული შტატები გუამის სამხედრო ბაზების განვითარებას გეგმავს და კუნძულზე იმ 4 000 საზღვაო ქვეითის გადაყვანას აპირებს, რომლებიც ახლა იაპონიის ტერიტორიაზე არიან. თუმცა, არსებული პროგნოზებით, ეს, სულ მცირე, 10 წლის შემდეგ მოხდება.   

კუნძული დაცულია THAAD-ის ანტისარაკეტო სისტემებით, რომლებიც CBS-ის ინფორმაციით, 15-ჯერვე წარმატებით გამოსცადეს, თუმცა რეალური საფრთხის დროს არასდროს გამოუყენებიათ. პენტაგონში აღნიშნავდნენ, რომ THAAD-ის სისტემის მთავარი ამოცანა ჩრდილოეთ კორეის სახალხო რეპუბლიკისგან თავდაცვაა.

რა მიზანი აქვს ჩრდილოეთ კორეას?

"კორეის სახალხო არმიის Hwasong-12-ის ოთხი რაკეტა გადაიფრენს იაპონიის პრეფექტურებზე სიმანზე, ჰიროსიმასა და კოტიზე. რაკეტები 1065 წამის განმავლობაში დაფარავს 3356,7 კილომეტრს და ჩავარდება გუამის სანაპირო წყლებში კუნძულიდან 30-40 კილომეტრში", - ნათქვამია ფხენიანის განცხადებაში. ეს იყო პასუხი დონალდ ტრამპის მუქარაზე, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს "ცეცხლით და რისხვით" უპასუხებს და მოჰყვა ვაშინგტონის აღიარებას, რომ ჩრდილოეთ კორეას მართლაც აქვს 6700 კილომეტრზე მოქმედი კონტინენტთაშორისი რაკეტა, რომელსაც მართლაც შეუძლია მიაღწიოს აშშ-ის კონტინენტის ტერიტორიამდე. The Washington Post-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ფხენიანმა ბალისტიკურ რაკეტებზე განსათავსებლად საკმაოდ პატარა ბირთვული ქობინების შექმნა ისწავლა.

დღესვე ბირთვული იარაღის გამოყენებას და ამერიკული ობიექტების დაბომბვას ჩრდილოეთ კორეა არ გეგმავს, ლაპარაკია გამაფრთხილებელ დარტყმაზე გუამთან ახლოს, რაც ფხენიანის ძალის დემონსტრირებას მოახდენს. მსგავსი იერიშები ჩრდილოეთ კორეას არაერთხელ მიუტანია სამხრეთკორეულ და იაპონურ ბაზებზე.

2017 წლის მარტში Foreign Policy წერდა, რომ ჩრდილოკორეული რაკეტების მორიგი გამოცდის შემდეგ, ფხენიანში მიაჩნიათ, რომ ამერიკულ და სამხრეთკორეულ ბაზებზე პრევენციული დარტყმებით ამ ქვეყნებთან პირდაპირ შეტაკებებს თავიდან აიცილებენ. ჩრდილოეთ კორეაში განიხილავენ ვერსიას, რომ მსგავსი იერიშებით გამოწვეული ნგრევა და მსხვერპლი ამერიკელებს თავდასხმის გეგმაზე უარს ათქმევინებს.

წყარო: Meduza

კომენტარები ()

სხვა თემები